ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ვიცით ტრამპის წინააღმდეგ ახალ ფედერალურ ბრალდებაზე


აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, 8 ივნისს, დაადასტურა, რომ მას ბრალს უყენებენ საიდუმლო დოკუმენტების საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მან თეთრი სახლი დატოვა. ოფიციალურად ბრალს ტრამპს სამშაბათს, 13 ივნისს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე წაუყენებენ, სადაც ის სამართალდამცავებს ფორმალურად უნდა ჩაბარდეს.

ამ ეტაპზე საბრალდებო დასკვნა არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ტრამპის ადვოკატმა ჯეიმს ტრასტიმ, რომელიც ტელეკომპანია CNN-ს ესაუბრა, თქვა, რომ ბრალდებები მოიცავს „ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის“ განზრახ შენახვას, ხელის შეშლას, ცრუ განცხადებებს და შეთქმულებას.

დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, ვისაც ფედერალურ სასამართლოში ბრალს წაუყენებენ. მას უკვე წაუყენეს სხვა სახის ბრალი ნიუ-იორკში. მანჰეტენის სასამართლომ მაშინ მას ბრალი დასდო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პორნოვარსკვლავისთვის გაჩუმების სანაცვლოდ, საარჩევნო კამპანიისთვის განსაზღვრული თანხის გადახდა.

რატომაა აღძრული ტრამპის წინააღმდეგ საქმე?

2022 წლის დასაწყისში, იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რადგან აღმოჩნდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც მასთან მისი პრეზიდენტობის დროს, თეთრ სახლში ინახებოდა, თან წაიღო.

კანონმდებლობით მსგავსი საქციელი სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა პრეზიდენტმა, თეთრი სახლის დატოვებისას, ყველა საიდუმლო დოკუმენტი ეროვნულ არქივს უნდა გადასცეს. აღმოჩნდა, რომ ამის ნაცვლად, ტრამპმა საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი თავის ფლორიდის სახლში, მარალაგოს რეზიდენციაში წაიღო.

ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების გადაცემა ტრამპის წარმომადგენლებს 2021 წელს მოთხოვა, თუმცა მათ 100-ზე მეტი ყუთიდან, რომელიც საიდუმლო მასალებით იყო სავსე, მხოლოდ 14 გაუგზავნეს ეროვნულ არქივს.

ტრამპის გუნდის პასუხით შეშფოთებულებმა, ეროვნული არქივის თანამშრომლებმა იუსტიციის დეპარტამენტს მიმართეს, რომელმაც საქმის გამოძიება დაიწყო. სწორედ გამოძიების პროცესში, გამოძიების ფედერალური სააგენტოს აგენტებმა გაჩხრიკეს ტრამპის მარალაგოს რეზიდენცია, იმ მიზნით, რომ დარწმუნებულიყვნენ, ყოფილი პრეზიდენტის სახლში იყო თუ არა დარჩენილი საიდუმლო ინფომაციის შემცველი დოკუმენტები. ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჩხრეკის შედეგად, აგენტებმა ასობით საიდუმლო დოკუმენტი იპოვეს. მათ შორის ზოგი იყო კლასიფიცირებული, როგორც "სრულიად საიდუმლო".

რა წერია დოკუმენტებში?

საბოლოო ჯამში, პროკურორებმა 300-ზე მეტი კლასიფიცირებული დოკუმენტი მოიპოვეს ტრამპისგან. დოკუმენტებს, რომლებსაც ტრამპი სახლში ინახავდა, სხვადასხვა დონის კლასიფიკაცია აქვს. ზოგი მათგანი გრიფით საიდუმლოა, ზოგი კონფიდენციალური, ზოგი საიდუმლო, ან სენსიტიური, ზოგს კი უმაღლესი დონის კლასიფიკაცია აქვს: სრულიად საიდუმლო.

დოკუმენტების შინაარსი უცნობია, თუმცა, სასამართლო მოსმენის დროს, პროკურორებმა თქვეს, რომ მასალების არასწორ ხელში ჩავარდნა გამოიწვევდა ამერიკის ეროვნული უშიშიროებისთვის საფრთხის შექმნას.

გავრცელებული ინფორმაციით დოკუმენტებშია სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი სააგენტოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, იქნება ეს სადაზვერვო სამსახური, გამოძიების ეროვნული ბიურო, ეროვნული საიდუმლო სამსახური თუ სხვა.

ტრამპი უარყოფს თავის ბრალეულობას და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად და კუდიანებზე ბრძოლად აფასებს.

რას ნიშნავს ეს გამოძიება ტრამპის საპრეზიდენტო რბოლისთვის?

კანონით, მიმდინარე პროცესი და მის წინააღმდეგ აღძრული საქმე, ტრამპს ხელს არ უშლის იმაში, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

მეტიც, ჯონ მალკოლმი, ყოფილი ეროვნული პროკურორი ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე კანონი, რაც ტრამპს საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობაში ხელს შეუშლის მაშინაც კი, თუ მას გაასამართლებენ.

XS
SM
MD
LG