ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონ პოსტი: აშშ-ის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია “ჩრდილოეთის ნაკადზე“ უკრაინის თავდასხმის გეგმის შესახებ


შეერთებულ შტატებს, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე უკრაინის თავდასხმის გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდა, წერს ონლაინ გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონს სადაზვერვო ინფორმაცია, მილსადენზე თავდასხმამდე სამი თვით ადრე ჰქონდა.

„ვაშინგტონ პოსტის“ მიხედვით, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ (CIA), ევროპული სადაზვერვო სააგენტოს საშუალებით, გასული წლის ივნისში შეიტყო, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ექვსკაციანი ჯგუფი, მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა.

გამოცემის ცნობით, ევროპული დაზვერვის ანგარიში, პლატფორმა “Discord”-ზე, სავარაუდოდ ჯეკ ტეიშეირას მიერ გავრცელდა, რომელიც აშშ-ის საჰაერო ეროვნული გვარდიის წევრი იყო. „ვაშინგტონ პოსტმა“ გავრცელებული ინფორმაციის ასლი, ტეიშეირას ერთ-ერთი ონლაინ მეგობრისგან მიიღო.

„დაზვერვის ანგარიში ეყრდნობოდა უკრაინაში მყოფი პირისგან მიღებულ ინფორმაციას. წყაროს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ვერ დადასტურდა, მაგრამ CIA-მ ეს ანგარიში გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს გასული წლის ივნისში გადასცა“ - წერს გამოცემა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ Discord-ზე გამოქვეყნებული დაზვერვის ანგარიში ზუსტად ასახავდა ინფორმაციას, რომელის ევროპული დაზვერვის სააგენტომ, CIA-ს მიაწოდა. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში დასავლელ მოკავშირეებს ჰქონდათ საფუძველი ეეჭვათ, რომ თავდასხმის უკან კიევი შეიძლება მდგარიყო.

გამოცემა აცხადებს, რომ საქმის ზოგიერთი დეტალისა და ჩართული პირების ვინაობის გამჟღავნებაზე უარის თქმას დათანხმდა, რადგან ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის წყაროებს და ოპერაციებს.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, გამოცემას კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხეს. კიევი მილსადენზე თავდასხმაში ქვეყნის რაიმე სახის კავშირს უარყოფდა. გამოცემის ცნობით, კომენტარზე ასევე უარი თქვა თეთრმა სახლმა და აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ.

2022 წლის 26 სექტემბერს მომხდარმა სამმა წყალქვეშა აფეთქებამ, Nord Stream 1 და 2 მილსადენებზე მასიური გაჟონვა გამოიწვია.

აფეთქებები შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონებში მოხდა. ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ ის მიზანმიმართული იყო, მაგრამ ჯერ არ არის დადგენილი, ვინაა პასუხისმგებელი. ინციდენტს იძიებს ორივე ქვეყანა, ასევე გერმანია.

ვაშინგტონმა და ნატომ ინციდენტს "დივერსიული აქტი" უწოდეს. მოსკოვმა დასავლეთი დაადანაშაულა. არცერთ მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, თუ არის თავდასხმის უკან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG