ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეილიმ ტრამპი და დესანტისი უკრაინის გამო გააკრიტიკა


ნიკი ჰეილი
ნიკი ჰეილი

უკრაინის საკითხში გამოკვეთილი გზავნილის არქონის გამო, საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლმა ნიკი ჰეილიმ თანაპარტიელი ოპონენტები მკაცრად გააკრიტიკა. ესენი არიან ფლორიდის გუბერნატორი - რონ დესანტისი და ჰეილის ყოფილი უფროსი, ექსპრეზიდენტი - დონალდ ტრამპი, რომლებიც გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადებით, უარს ამბობენ გარკვევით თქვან, სურთ თუ არა ომში უკრაინის გამარჯვება.

რესპუბლიკური პარტიაში ნომინაციისთვის მებრძოლთა შორის, გამოკითხვებში ჯერჯერობით ტრამპი ლიდერობს. ამომრჩევლებთან ბოლო შეხვედრაზე ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ომის დასრულება სურს და ამისთვის უკრაინას და რუსეთს შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება.

დესანტისი, რომელიც ამ ეტაპზე პარტიაში ტრამპის მთავარ კონკურენტად მოიაზრება, თითქმის ანალოგიურ განცხადებებს აკეთებს. მანაც ომის მშვიდობიანი შეთანხმებით დასრულების მხარდაჭერაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მანამდე დასრულდება, ვიდრე ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი 2025 წლის იანვარში ფიცს საზეიმოდ დადებს.

ჰეილი ერთადერთი ქალია, რომელიც დღეს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობს. მან განსაკუთრებით მწვავედ დესანტისი გააკრიტიკა. წლის დასაწყისში ფლორიდის გუბერნატორმა რუსეთის სუვერენულ უკრაინაზე თავდასხმას და მეზობელთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას "ტერიტორიული დავა" უწოდა. თუმცა, ფართო კრიტიკის შემდეგ, დესანტისსმა მოგვიანებით ამ პოზიციიდან უკან დაიხია.

ჰეილიმ თქვა, რომ ომზე შორიდან დაკვირვება, "ტერიტორიული დავის" დარქმევა, ან "ნეიტრალურ პოზიციაზე ყოფნა" მიუღებელია. "უკრაინის გამარჯვება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საუკეთესო ინტერესებშია" - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა გაეროში, 4 ივნისს, ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ორგანიზებით გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე.

არჩევნების ადრეულ ეტაპზე რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპი დომინირებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ბოლოს მაისის თვეში "როიტერმა" და "იფსოსმა" ერთობლივად ჩაატარეს, ტრამპს რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 49%-იანი მხარდაჭერა აქვს. დესანტისს - 19% და ჰეილის მხოლოდ - 4%.

ჰეილიმ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიმართ პოლიტიკის გამოც გააკრიტიკა. ამ უკანასკნელმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში არჩევა მიულოცა. "არ მგონია, რომ დიქტატორებს მილოცვებს უნდა ვუგზავნიდეთ" - თქვა ჰეილიმ.

ექსპრეზიდენტის მიმართ ანალოგიური შენიშვნა გამოთქვა ტრამპის კიდევ ერთმა სავარაუდო ოპონენტმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. მან გასულ უქმეებზე ტრამპი ფხენიანისადმი მილოცვის გამო გააკრიტიკა. პენსი რესპუბლიკური პარტიის შიდა საპრეზიდენტო მარათონში ოფიციალურად ჯერ არ ჩართულა, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ის კანდიდატად თავს 7 ივნისს დაასახელებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG