ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა არის კოსოვოსა და სერბეთის შორის დაძაბულობის მიზეზი?


გასულ უქმეებზე, სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა ხელახლა გამწვავდა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პოლიციამ რეგიონის ჩრდილოეთში სერბებით დასახლებულ რაიონებში რეიდი ჩაატარა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობები დაიკავა.

ძალადობრივი შეტაკებების შედეგად, ერთი მხრივ, კოსოვოს პოლიციასა და ნატოს სამშვიდობოებს, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივ სერბებს შორის, ათობით ადამიანი დაშავდა.

შეტაკებების შემდეგ, სერბეთმა, საზღვართან ჯარების საბრძოლო მზადყოფნა გამოუცხადა და თქვა, რომ თუ კოსოვოში სერბებს კვლავ დაარბევენ, ისინი გვერდით არ გადგებიან. შეტაკებებმა გააჩინა შიში, რომ არ განახლდეს 1998-99 წლების დაპირისპირება, რამაც კოსოვოში 10,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მილიონზე მეტი უსახლკაროდ დატოვა.

კოსოვო, ძირითადად, ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ტერიტორიაა, რომელიც მანამდე სერბეთის ერთ-ერთი პროვინცია იყო. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და რეგიონს, კვლავ, სერბეთის ნაწილად განიხილავს.

მოუხედავად ამისა, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის ქვეყნების უმეტესობას. ხოლო ჩინეთი და რუსეთი მხარს სერბეთს უჭერენ.

რამ გამოიწვია დაძაბულობა?

დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთს შორის 1990-იანი წლებიდან არ განელებულა, თუმცა ის განსაკუთრებით გამწვავდა გასულ თვეს, როცა ადგილობრივმა, უმრავლესობაში მყოფმა სერბებმა, ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს და შედეგად არჩეულ ეთნიკურად ალბანელ მერებს არ აძლევდნენ უფლებას დაეკავებინათ ოფისები. თვითმმართველობის წარმომადგენლებს პოლიციის ჩარევა დასჭირდათ იმისთვის, რომ საკუთარ ოფისებში შესულიყვნენ.

სერბებმა სცადეს, რომ მათთვის ხელი შეეშალათ სამთავრობო შენობებში შესვლისგან, თუმცა პოლიციამ ისინი დაარბია და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ორშაბათს, ეთნიკურმა სერბებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მოაწყვეს მუნიციპალტეტის შენობის წინ, რამაც კვლავ ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია ეთნიკურ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის, რომლებიც კოსოვოში მშვიდობის შესანარჩუნებლად არიან განთავსებული.

რამდენად ღრმაა ეთნიკური კონფლიქტი კოსოვოში?

კოსოვოს შესახებ დავა საუკუნეებს ითვლის. სერბეთი პრიშტინას ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის სიმბოლოდ მიიჩნევს. კოსოვოში უამრავი სერბული მართლამდიდებლური მონასტერია. სერბი ნაციონალისტები 1389 წელს, ოსმალებთან ბრძოლას, რომელიც კოსოვოს ტერიტორიაზე გაიმართა, ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ აღიქვამენ.

თუმცა, ასევე მნიშვნელოვნად და საკუთარი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ მიაჩნიათ კოსოვო, იქ უმრავლესობაში მყოფ ეთნიკურ ალბანელებს და სერბეთს ოკუპაციასა და რეპრესიაში ადანაშაულებენ. ეთნიკურმა ალბანელებმა 1998 წელს, სერბების მმართველობის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს.

ბელგრადის უმძიმესმა პასუხმა აჯანყებაზე, 1999 წელს, კოსოვოს ტერიტორიაზე ნატოს ჩარევა და იქ მისიის გაგზავნა გამოიწვია. ნატოს ჯარებმა მაშინ აიძულეს სერბებს, უკან დაეხიათ.

რა ხდება ადგილზე?

კოსოვოს მთავრობასა და სერბებს შორის მუდმივი დაძაბულობაა. სერბები, ძირითადად, ქვეყნის ჩრდილოეთით ცხოვრობენ და ბელგრადთან ახლოს კავშირებს ინარჩუნებენ.

ცენტრალური მთავრობის მცდელობები, რომ სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში მეტი კონტროლი დაამყაროს, როგორც წესი, სერბების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიზეზი ხდება. მიტროვიცა, ჩრდილოეთის მთავარი ქალაქი, ეთნიკურ ალბანელებსა და სერბებს შორისაა გაყოფილი.

საერთაშორისო საზოგადოება, მუდმივად ცდილობს, რომ კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული დაძაბულობა განმუხტოს და კონფლიქტი მოაგვაროს, თუმცა, აქამდე, უშედეგოდ.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების ჩართულობით მრავალი შეთანხმება დაიდო ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა მათი ადგილზე აღსრულება არ ხერხდება.

მოლაპარაკებებში გაჟღერდა ასევე იდეა საზღვრების ცვლილებისა და მიწების გაცვლაზე, როგორც შეთანხმების გზაზე, მაგრამ ეს უარყო ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ იმის შიშით, რომ ამან შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოწვიოს ბალკანეთის სხვა ეთნიკურად შერეულ რაიონებში.

ვინ არიან მთავარი მოთამაშეები?

როგორც კოსოვოს, ასევე სერბეთის ნაციონალისტი ლიდერები კომპრომისზე წასასვლელად ჯერ მზად არ არიან.

კოსოვოში მთავრობას, ალბინ კურტი, სტუდენტური პროტესტის ყოფილი ლიდერი და სერბეთში ყოფილი პოლიტპატიმარი, ხელმძღვანელობს. ის ასევე ემხრობა კოსოვოს ალბანეთთან გაერთიანებას და სერბეთთან რაიმე სახის კომპრომისზე წასვლის კატეგორიულად წინააღმდეგია.

სერბეთის პრეზიდენტი, პოპულისტი ალექსანდრ ვუჩიჩია, რომელიც ინფორმაციის მინისტრი იყო კოსოვოს ომის დროს. ყოფილი ულტრანაციონალისტი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი გამოსავალი უნდა იყოს კომპრომისი, რათა შეთანხმება შედგეს და ამბობს, რომ სერბეთი საკითხს არ გადაჭრის, თუ რაიმე არ მიიღებს სანაცვლოდ.

საერთაშორისო მომლაპარაკებლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებებს დააჩქარებენ და ორ ქვეყანას შორის მშვიდობას ხელს შეუწყობენ. ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ თუ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობა სურთ, მათ კონფლიქტი უნდა გადაჭრან.

XS
SM
MD
LG