კიევის განცხადებით, მოსკოვმა ბახმუტი - ავდიევკა - მარიინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში თავდასხმა გააძლიერა. იქ მყოფი უკრაინული ძალები კი რუსულ დაბომბვას, საჰაერო და ქვეითთა თავდასხმების მზარდ ზეწოლას უმკლავდება.
„რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ბახმუტზე, ავდიევკასა და მარიინკაზე შეტევით ოპერაციებზეა მიმართული. იქ უკრაინულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 39 რუსული თავდასხმა მოიგერია“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ყოველდღიურ მოხსენებაში.
„სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტსა და მარიინკაში“ - აცხადებენ უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები. მათი ინფორმაციით, რუსეთის ჯარმა უკრაინის პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სამი სარაკეტო, 13 საჰაერო დარტყმა და 49 სარაკეტო იერიში განახორციელა.
რუსეთის განმეორებითი თავდასხმები ასევე მოიგერიეს სოფელ კლიშჩიევკაში, ბახმუტიდან სამხრეთით 10 კილომეტრში, დონეცკის ოლქის ქალაქში, რომელიც თვეების განმავლობაში დაძაბული ბრძოლის ეპიცენტრი იყო.
ზაპორიჟიის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, სადაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ღამით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. იური მალაშკომ, ზაპორიჟიის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, მაგრამ აფეთქებების ტიპი არ დააკონკრეტა. "დარჩით უსაფრთხო ადგილებში, სანამ საჰაერო განგაში არ დასრულდება", - თქვა მან.
ადგილობრივ ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები აკონტროლებენ. რუსეთი რეგულარულად ბომბავს ზაპორიჟიის რეგიონის იმ ნაწილებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
სამშაბათს, 25 აპრილს, აღმოსავლეთ ქალაქ კუპიანსკის მუზეუმზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 10 - დაშავდა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, თავდასსხმა „ბარბაროსობად“ შეაფასა.
ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინეჰუბოვმა კი "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ 25 აპრილს კუპიანსკის ცენტრზე თავდასხმა S-300 ტიპის რაკეტებით განხორციელდა, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილობრივი ისტორიის მუზეუმს მოხვდა.
"ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ სრულად გაგვანადგუროს. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი. ხოცავს უკრაინელებს აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ და ვუპასუხებთ კიდეც!" - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.