საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთში იმყოფება. პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბარში მან პეკინს მოუწოდა, დააჯეროს მისი ახლო მოკავშირე მოსკოვი, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაასრულოს. ჩინეთის პრეზიდენტმა პასუხად თქვა, რომ ის შეეცდება, სამშვიდობო მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დაიწყოს.
მსოფლიო დიდი გულისყურით აკვირდება პეკინში 6 აპრილს დაწყებულ მოლაპარაკებას. იქ ასევე იმყოფება ურსულა ფონ დერ ლეიენი. ეს ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში, მისი პირველი ვიზიტია ჩინეთში. მხარეებს შორის სამმხრივი მოლაპარაკება დღეს მოგვიანებით იგეგმება.
დასავლეთმა ჩინეთი მეტად უნდა ჩართოს უკრაინის კრიზისის დაძლევაში და აღკვეთოს დაძაბულობის კიდევ უფრო მეტად გამწვავება, რაც შესაძლოა მსოფლიოს ერთმანეთთან მეომარ ბლოკებად დაყოფას მოჰყვეს - განაცხადა მაკრონმა. "უკრაინაში რუსეთის აგრესიამ საერთაშორისო სტაბილურობას დიდი დარტყმა მიაყენა" - უთხრა პრეზიდენტმა მაკრონმა ჩინელ კოლეგას შეხვედრის დაწყებამდე. "ვიცი, რომ შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რათა რუსეთი გონს მოეგოს და ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდეს" - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, სი ძინპინმა უკრაინას და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური გზა მოიძებნოს. პარიზი ამბობს, რომ დისკუსია "გულწრფელი და კონსტრუქციული" იყო. პეკინი კი მოლაპარაკებას ახასიათებს, როგორც "მეგობრულს" და "ღრმას".
მაკრონმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, იქონიოს გავლენა რუსეთზე, რათა ის დაემორჩილოს ბირთვული განიარაღების საერთაშორისო წესებს. რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მეზობელ ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განალაგებს. ეს განცხადება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომში მორიგ ესკალაციად იქნა აღქმული.
სი ძინპინის თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის პირობას და "ბირთვული ომი არ უნდა დაიწყოს". აღნიშნული განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა ისე გააკეთა, რომ მას კონკრეტულად რუსეთი არ უხსენებია. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, "თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, ან მას უკონტროლოს გახდის".
ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩინეთს და საფრანგეთს აკისრიათ პასუხისმგებლობა და შესწევთ კიდეც იმის უნარი, რომ დაძლიონ მათ შორის არსებული "განსხვავებები", მაშინ როცა მსოფლიო ღრმად ისტორიული ცვლილებების წინაშე იმყოფება. სი ძინპინის თქმით, ის მზად არის ევროპის კავშირთან ურთიერთობის ნებისმიერ დონეზე განახლებისთვის.
Facebook Forum