უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
განცხადებაში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გაცემული ორდერი ეფუძნება "უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე მის შესაძლო პასუხისმგებლობას". კერძოდ კი, უკრაინიდან "მოსახლეობის, [ბავშვების] უკანონო დეპორტაციაზე". საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქებიდან ასობით ბავშვის რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანაზე.
ვლადიმირ პუტინთან ერთად მოსამართლემ რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერიც გასცა. სასამართლო ითხოვს დაკავებულ იქნას მარია ალექეევა ლვოვა-ბელოვა.
სასამართლო ამბობს, რომ "არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე".
სასამართლოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში პიოტრ ჰოფმანსკი ამბობს, რომ მართალია სასამართლომ დაკავეების ორდერი გასცა, მაგრამ მას არ აქვს საპოლიციო აღსრულების უფლებამოსილება, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა საერთაშორისო საზოგადოების ნებაზე იქნება დამოკიდებული.
Facebook Forum