ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრემიერი უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს


ირაკლი ღარიბაშვილი რეჯებ ტაიპ ერდოღანთან ერთად, თურქეთში ვიზიტის დროს.
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯებ ტაიპ ერდოღანთან ერთად, თურქეთში ვიზიტის დროს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. დღეს, 24 თებერვალს - უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლისთავზე საქართველოს პრემიერმა თურქეთში ისაუბრა, სადაც ძლიერმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. თურქეთში ღარიბაშვილი პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდა და სხვა ოფიციალური შეხვედრები გამართა.

"მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, 24 თებერვალს უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში, ყოვლად გაუმართლებელია ის ომი რომელიც წამოიწყო რუსეთმა.

იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვიყავით თანასპონსორი გაეროს რეზოლუციის", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ მისი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც საპარლამენტო დელეგაციაც არ ჩადის 24 თებერვალს უკრაინაში - რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავზე. მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიაა.

დღეს, 24 თებერვალს, ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG