ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კიევში უკრაინას დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა, ვიდრე ეს საჭირო იქნება


ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი (მარჯვნივ). კიევი, უკრაინა. 20 თებერვალი, 2023 წ.
ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი (მარჯვნივ). კიევი, უკრაინა. 20 თებერვალი, 2023 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი 20 თებერვალს, უკრაინაში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა. ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მასთან ერთად საჰაერო განგაშის სირენების ხმის ფონზე, კიევის ქუჩები შემოიარა.

ბაიდენმა უკრაინას ამერიკის დახმარება აღუთქვა მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. 4 დღეში ზუსტად წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე კიდევ ერთხელ დაესხა თავს მეზობელ უკრაინას და იქ მსხვილმასშტაბიანი, სასტიკი ომი დაიწყო.

"როცა პუტინი [უკრაინას] თითქმის ერთი წლის წინ თავს დაესხა, ეგონა უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი - დაყოფილი. ფიქრობდა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის ძლიერ შეცდა", - თქვა ბაიდენმა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, "უკრაინას წარმოუდგენლად დიდი საფასურის გადახდა დასჭირდა. უდიდესია მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო... ვიცით, რომ წინ, მომდევნო კვირებში და წლებში, რთული დღეები იქნება".

ბაიდენმა დაათვალიერა კიევის ცენტრში, საკათედრო ტაძართან გამოფენილი დამწვარი რუსული ტანკები. უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის ეს არის სიმბოლო რუსეთის განუხორციელებელი გეგმის - დაეპყრო ქვეყნის დედაქალაქი. მოსკოვს გეგმები უკრაინელების გაუტეხელმა წინააღმდეგობამ და დასავლეთის ერთიანმა მხარდაჭერამ ჩაუშალა.

"შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეს ვიზიტი პირველია ბოლო 15 წლის განმავლობაში და ის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტია უკრაინა-შეერთებული შტატების ურთიერთობის მთელ ისტორიაში", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ვიზიტს "უკრაინელი ხალხის და პრეზიდენტ ზელენსკის გამარჯვება" უწოდა და თქვა, რომ ეს რუსეთისთვის აშკარა გზავნილია: "თქვენი არავის ეშინია!"

ერთი წლის განმავლობაში უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით უკრაინელს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდა, დამწვარი და განადგურებულია უკრაინის ქალაქები და სოფლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ომს ორივე მხარეს ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის თითქმის მეხუთედს აკონტროლებს და სრულმასშტაბიან ომს კვლავ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. დასავლეთი ერთიანია რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი უკრაინის დახმარებაში და კიევს თავდაცვისთვის და ჰუმანიტარული დახმარების სახით, ათობით მილიარდი დოლარის დახმარებას ჰპირდება.

კიევში ვიზიტის დროს ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $500 მილიონის გამოყოფის პირობა დადო. ეს თანხა უკრაინის შეიარაღებას, მათ შორის საარტილერიო მარაგს, ჯავშან-ტექნიკას, საჰაერო თავდაცვის რადარებს მოხმარდება. ბაიდენი რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი სანქციების დაწესებასაც გეგმავს.

ომის დანაშაულები - როგორი იქნება ახალი ტრიბუნალი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:45 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG