რუსეთის მიერ მოლდოვის მთავრობის შესაძლო დამხობის და მოლდოვაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის თაობაზე გავრცელებული განცხადებიდან მეორე დღეს, მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით ჩაკეტა. სამშაბათს, 14 თებერვალს გადაწყვეტილება ამის თაობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მიიღო.
მოსკოვმა გადატრიალების მცდელობაზე მოლდოვის ბრალდება უარყო. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მოლდოვის პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ შეშფოთებას გამოთქვამდა სუვერენული ქვეყნის საქმეებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე.
კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის მმართველებმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" თქვეს, რომ საჰაერო სივრცე უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა . "ძვირფასო მგზავრებო, ამ მომენტში მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე ჩაკეტილია. ველოდებით ფრენების განახლებას" - განაცხადა "ფეისბუქზე" ქვეყნის მთავარმა ავიაკომპანიამ "ეარ-მოლდოვა".
ბოლო დღეებში მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე დღით ადრე, პარასკევს, მოლდოვამ განაცხადა, რომ რუსეთის რაკეტამ მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, ვიდრე ის უკრაინაში ჩამოვარდებოდა. ამასთან დაკავშირებით, განმარტებების გასაკეთებლად, კიშინიოვმა რუსეთის ელჩიც კი გამოიძახა.
იმავე დღეს, 10 თებერვალს, პოსტის დაკავებიდან 18 თვის შემდეგ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაურის მიერ პოსტის დატოვება მინისტრთა მთელი კაბინეტის გადადგომას უდრის.
ვაშინგტონი "ღრმად შემაშფოთებლად" თვლის ცნობებს იმის თაობაზე, რომ მოლდოვის მთავრობის გადაგდების სცენარი რუსეთში დაიწერა. განცხადება ორშაბათს, 13 თებერვალს ჯონ კირბიმ გააკეთა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა.
"ამაზე ვიტყოდი, რომ ეს ღრმად შემაშფოთებელი ცნობებია. ნამდვილად არაა რუსული ქცევის ფარგლებს მიღმა და ჩვენ აუცილებლად მოლდოვის მთავრობის და მოლდოველი ხალხის გვერდში ვიდგებით" - განაცხადა მან მოლდოვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად.
კირბიმ იქვე დააზუსტა, რომ ამ ცნობების დამადასტურებელი დამოუკიდებელი ინფორმაცია ვაშინგტონს არ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, "ჩვენ ნამდვილად არ ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ რუსეთის და ბატონი პუტინის მიერ ამის გაკეთების სურვილს" - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა.
ორშაბათსვე, ცოტა ხნით ადრე, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თქვა, რომ მოლდოვაში რუსეთი მთავრობის დამხობის მიზნით, გადატრიალებას გეგმავს და ის ამისთვის უცხოელებს გამოიყენებს, რომლებიც ქვეყანაში საბოტაჟს მოაწყობენ. მაია სანდუს თქმით, რუსეთის მიზანია ხელი შეუშალოს მოლდოვას ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე და ის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს.
გასულ კვირას კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება მოლდოვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კიევში გახსნეს რუსეთის დაზვერვის საიდუმლო გეგმა, რომელიც "მოლდოვის განადგურებას ითვალისწინებს". ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში მოლდოვის პრემიერ-მინისტრი და მოლდოვის მთავრობა გადადგა.
Facebook Forum