უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, სამშაბათს ევროკავშირს მოუწოდა დააფინანსოს სასაზღვრო ღობეები, არალეგალური იმიგრაციის შესაზღუდად. ორბანის ეს იდეა, რომელიც ახალი არაა და დიდი ხანია მუსირებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობისთვის მიუღებელია.
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის წარმომადგენელი სწორედ საიმიგრაციო პრობლემის გადაჭრის გზების განსახილველად იკრიბება. ავსტრია და ნიდერლანდები, რომლებიც ეკონომიკური ბლოკის წევრები არიან, ამბობენ, რომ არალეგალური იმიგრაციის პრობლემა სულ უფრო მწვავედ დგას მათ ქვეყნებში. ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში, საზღვარი არალეგალურად 330,000-მა ადამიანმა გადაკვეთა. ეს 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მუდმივად მიდის კამათი იმაზე, ვინ უნდა მოუაროს დევნილებს, რომლებიც ბლოკის ტერიტორიაზე შევიდნენ. ისინი გარე საზღვრის კონტროლის გამკაცრებაზე არიან ფოკუსირებული, რათა ხალხს ხელი შეუშალონ არაფიციალური და ხშირად, მომაკვდინელებელ გზებზე სიარულში.
ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვენიამ, არალეგალური იმიგრანტებისგან თავის დასაცავად თავიანთი ქვეყნების საზღვრებზე ღობეები ააშენეს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ევროკომისია, რომელიც ბლოკის ბიუჯეტს აკონტროლებს. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაა.
მიუხედავად ევროკომისიის ასეთი პოზიციისა, ევროკავშირის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ორბანმა, თავის პოლონელ, ბელგიელ, ფინელ, მალტელ და ბულგარელ კოლეგებთან ერთად, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბლოკმა მსგავსი კონსტრუქციების მშენებლობა საზღვრის დასაცავად უნდა დააფინანსოს.