ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის თავდაცვის ლიდერის საკითხზე გაურკვევლობაა, მაშინ როცა რუსეთი აშკარად მსხვილი იერიშისთვის ემზადება


უკრაინის არმიის 43-ე საარტილერიო ბრიგადა დონეცკის რეგიონში, ქ. ბახმუტის მახლობლად, გერმანული "ჰაუბიცის" რაკეტას ისვრის. უკრაინა, 5 თებერვალი, 2023 წ.
უკრაინის არმიის 43-ე საარტილერიო ბრიგადა დონეცკის რეგიონში, ქ. ბახმუტის მახლობლად, გერმანული "ჰაუბიცის" რაკეტას ისვრის. უკრაინა, 5 თებერვალი, 2023 წ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ბედზე ორშაბათს, 6 თებერვალს, კიევიდან რამდენიმე სხვადასხვა გზავნილი ისმის. ეს იმ ფონზე, როცა რუსეთი აშკარად ძალებს იკრებს და დიდი იერიშისთვის ემზადება.

ერთი დღით ადრე, დავით არახამიამ, ზელენსკის "სახალხო პარტიის" ფრაქციის ლიდერმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს პოსტზე სამხედრო დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი შეცვლის. მისივე თქმით, რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი გახდება. არახამიამ ეს ყოველივე "ტელეგრამზე" ომის საჭიროებით ახსნა: "ომი საკადრო პოლიტიკაში ცვლილებებს გვკარნახობს".

ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ეს უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინის სამხედრო მეთაურებში სერიოზული ბზარის არსებობაზე ნიშნები საჯაროდ გამოიკვეთა.

კვირასვე, რეზნიკოვმა თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მისთვის არაფერი უცნობებიათ. უკრაინის თვდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მრეწველობის მინისტრის პოსტის შეთავაზების შემთხვევაში, მასზე უარს იტყოდა.

უკრაინაში სხვა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც ხდება. რეგიონული ოფიციალური პირების ნაწილი თანამდებობებიდან გაუშვეს. უკრაინის პოლიციამ ოთხშაბათს, 1 თებერვალს, გავლენიანი მილიარდერის, უკრაინელი ოლიგარქის - იჰორ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკა. პარალელურად, მოეწყო რეიდები საგადასახადო ოფისში და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, არსენ ავაკოვის სახლში, რომელიც ასევე ძალიან გავლენიანი პირია.

კიევი აცხადებს, რომ ეს კორუფციაზე მიტანილი მასშტაბური შეტევის ნაწილია. პროკურორებმა განცხადება უზარმაზარ მაქინაციაზე გააკეთეს, რომელიც ქვეყნის უდიდეს ნავთობსაწარმოს ეხება.

ზელენსკი ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ დასავლეთიდან წამოსული მილიარდობით დოლარის უსაფრთხოების დახმარება სათანადოდ იქნება მოხმარებული და რომ ქვეყანაში წლობით გამეფებულ კორუფციას დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს. თუმცა, ეს ყოველივე მაღალი რისკების მატარებელია ომში მყოფი ქვეყნისთვის, სადაც გამარჯვების მოსაპოვებლად პოლიტიკური და სამხედრო კლასების ერთიანობა და მთელი ძალების კონსოლიდაცია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

რეზნიკოვი თუ ბუდანოვი

56 წლის ოლექსი რეზნიკოვი განათლებით იურისტია. საერთაშორისო შეხვედრებზე, სადაც უკრაინას მრავალმილიარდიან დახმარებას აღუთქვამდნენ, ის უმეტესად უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო.

მართალია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას კორუფციის ბრალდებით სწავლობენ და ეს ძირითადად ჯარების საკვებით მომარაგებაში გადახარჯვების გამო ხდება, მაგრამ პირადად რეზნიკოვთან მიმართებაში ეჭვები აქამდე არ ყოფილა.

უკრაინის პარლამენტარებმა ორშაბათს ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირი უნდა იყოს. ეს წინააღმდეგობაში მოდის არახამიას განცხადებასთან ბუდანოვის დანიშვნის თაობაზე, რომელიც 37 წლის ოფიცერია.

არ არის გამორიცხული, ბუდანოვი ჯერ გადადგეს და თავდაცვის მინისტრის პოსტზე შემდეგ დაინიშნოს. ის ქარიზმატული ახალგაზრდა სამხედროა, რომელმაც კარიერა წარმატებული საიდუმლო ოპერაციებით გაიკეთა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატში სწრაფად დაწინაურდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, სააგენტო "როიტერის" თხოვნაზე კომენტართან დაკავშირებით, პასუხი არ გაუცია. რეზნიკოვმა და ბუდანოვმაც "როიტერთან" ამ საკითხზე კომენტარებისგან თავი შეიკავეს.

კვირას, ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რეზნიკოვს დასავლელი მოკავშირეები დიდ პატივს სცემენ და ის "ძალზე ეფექტიანი" იყო პარტნიორებთან კომუნიკაციაში, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს. "მოლაპარაკებები მხოლოდ მათემატიკური ფორმულა არ არის, არამედ პირადი ურთიერთობაც გახლავთ. და ნდობაც. სამწუხაროდ, დღეს ჩვენდამი ეს ნდობა იკარგება" - თქვა პოდოლიაკმა.

რუსეთის იერიშის მოლოდინი

უკრაინაში მიმდინარე ომი, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის ერთი წლის თავზე, გადამწყვეტ ფაზაში გადადის. უკრაინა კონტრიერიშისთვის ემზადება, მაგრამ ჯერ დასავლეთიდან საბრძოლო ტანკების და სხვა ჯავშანტექნიკის მოლოდინშია. ამ ეტაპზე უკრაინა ბრძოლის ველზე ისეთ წარმატებებს ვეღარ აღწევს, როგორც ამას გასული წლის მეორე ნახევარში ახერხებდა.

რუსეთმა კი პირველად, ბოლო 6 თვის მანძილზე, ბოლო კვირებში უკრაინის რამდენმე დასახლებული პუნქტი დაიპყრო. კრემლი აგრძელებს ფრონტის წინა ხაზებზე მობილიზებული სარეზერვო ჯარების და საბრძოლო ტექნიკის გაგზავნას.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსეთი მსხვილი შეტევისთვის ემზადება. სერჰი ჰაიდაი, აღმოსავლეთ ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ რუსეთს უწყვეტი საარტილერიო ცეცხლი გახსნილი აღარ აქვს. მათ თავდასხმას "15 თებერვლიდან ნებისმიერ მომენტში უნდა ველოდოთ" - უთხრა მან ჟურნალისტებს.

მოსკოვის მთავარი სამიზნე ახლა უკრაინის ქალაქი ბახმუტია, რომლის მისადგომებთანაც რუსეთის არმიამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. იქ ძირითადად "ვაგნერის ჯგუფი" იბრძვის, რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება.

უკრაინის მხარე იტყობინება, რომ ისინი ბახმუტს ჯერჯერობით მაინც აკონტროლებენ და მის დათმობას არ აპირებენ. თუმცა, უკრაინელი ჯარისკაცები იმასაც ადასტურებენ, რომ რუსეთის ჯარები ცოცხალი ძალებით განახლებას ყოველდღიურად იღებს.

მიიღებს თუ არა უკრაინა F-16-ებს?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:19:29 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG