გასულ წელს, ადამიანის უფლებების მხრივ მსოფლიოში არსებული კრიზისები კიდევ უფრო გაღრმავდა - უკრაინიდან ჩინეთამდე, თუ ავღანეთამდე - ნათქვამია "ჰიუმან რაითს უოჩის" ახალ ანგარიშში, რომელიც ხუთშაბათს, 11 იანვარს გამოქვეყნდა. თუმცა, უფლებადამცველების შეფასებით, ასევე გამოიკვეთა ახალი, ეფექტიანი ხმებიც ადამიანის უფლებების დამცველ ლიდერებს შორის.
ნიუ-იორკში დაფუძნებული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიში 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ვითარებას აფასებს. 2023 წლის პუბლიკაციაში თითქმის 100 ქვეყნის მონაცემებია შეჯამებული.
ანგარიში უმეტესად 3 კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია: "რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიზანმიმართული შეტევები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე, სი-ძინპინის მიერ ჩინეთში, ღია ჰაერზე მოწყობილი ციხე უიღურებისთვის, თუ თალიბანის მიერ მილიონობით ავღანელისთვის შიმშილობის ზღვარზე მიყვანის რისკის შექმნა".
მაგრამ, ამავე დროს, "2022-მა წელმა გამოავლინა ძალაუფლების ფუნდამენტური ცვლილება ისეთი სამყაროს მიმართულებით, რომელიც კარს უხსნის ყველა შეშფოთებულ მთავრობას, რომ ისინი წინ აღუდგნენ [ადამიანის უფლებებზე] ძალადობას, გლობალურად დაიცვან და გააძლიერონ ადამიანის უფლებების სისტემა" - ამბობს 2023 წლის "ჰიუმან რაითს უოჩის" ანგარიში.
უკრაინა
ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია უკრაინაში, სადაც ანგარიშის ავტორების თქმით, საერთაშორისო გლობალური საზოგადოება კრედიტს იმსახურებს. უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ, სახელმწიფოებმა მობილიზაცია გამოაცხადეს და ერთობლივად მიმართეს ადამიანის უფლებების დამცველი სისტემის "სრულ არსენალს", რომელიც მოიცავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაწყებულ გამოძიებასაც.
"ჩვენ ვიხილეთ საერთაშორისო საზოგადოების სწრაფი პასუხი, ადამიანის მთავარი უფლებების დაცვის მხარდაჭერის მობილიზაციაში, მათ შორის - საერთაშორისო სამართლის მექანიზმების დაფუძნებაში [და] ომის დანაშაულების მტკიცებულებათა შეგროვებაში" - უთხრა "ამერიკის ხმას" ტირანა ჰასანმა. ის "ჰიუმან რაითს უოჩის" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ასრულებს.
ანგარიშის მიხედვით, სწრაფად მოხდა რუსების ოკუპაციისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქებში, პირველ რიგში ბუჩაში და იზიუმში, ფართოდ გავრცელებული დანაშაულის ფაქტების დაფიქსირება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭომ დოკუმენტურად აღრიცხა ოკუპანტი რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წამების, სიკვდილით დასჯის და გაუპატიურების მტკიცებულებები.
უკრაინაში რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომის პირველივე თვეებში ასობით ასეთი ფაქტია დაფიქსირებული. მიმდინარე ომში "კვლავაც აღინიშნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონების აღმაშფოთებელი დარღვევები" - თქვა დეკემბერში უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ვოლკერ თურქმა, გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეებში.
საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი და სწრაფი რეაგირების მიუხედავად, "ჰიუმან რაითს უოჩის" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დასავლეთს საჭირო ზომების მიღება შეეძლო უკრაინაში ომის დაწყებამდეც. "პუტინის თავხედობა უმთავრესად, დიდი ხნის მანძილზე დაუსჯელად მოქმედების შესაძლებლობამ გახადა შესაძლებელი" - ნათქვამია ორგანიზაციის ახალ ანგარიშში. "უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ გაჰკვირვებიათ სირიაში, სადაც ახსოვთ 2015 წელს, რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, საჰაერო დაბომბვებით მომხდარი ძალადობა".
Facebook Forum