ირანი სიკვდილით დასჯას საზოგადოების დასაშინებლად და დისიდენტების საქმიანობის ჩასახშობად იყენებს, მომიტინგეების სიკვდილით დასჯა სათანადო სამართლებრივი პროცესის გარეშე კი სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ მკვლელობას წარმოადგენს. ეს განცხადება სამშაბათს გაერომ გააკეთა.
თეირანმა დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით ოთხი ადამიანი უკვე დასაჯა. აქციები ქვეყანაში თითქმის ოთხი თვეა მიმდინარეობს. ამასთან, დაგეგმილია კიდევ ორი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა, ხოლო სულ მცირე 17 სხვა პირს, რომლებიც ასევე დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო არიან დაპატიმრებული, სიკვდილით დასჯა აქვთ მისჯილი. აღნიშნულის შეესახებ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა.
„ირანის მთავრობა ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესებსა და სიკვდილით დასჯას საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების დასასჯელად და მოსახლეობაში შიშის დასათესად, რათა განტვირთოს დაძაბულობა, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს“, - ნათქვამია გაეროს უფლებადამცველ ვოლკერ თურქის ოფისის განცხადებაში.
ისლამურ რესპუბლიკას საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციის პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაიცვალა. პოლიციამ ის თავსაბურავის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა. ამინი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. მორალის პოლიციამ მისი სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დაასახელა, ოჯახი კი აცხადებს, რომ მის სხეულს ცემისა და წამების კვალი ეტყობოდა. საპროტესტო ტალღა თითქმის მთელი ირანის მასშტაბით სექტემბრის შემდეგ უწყვეტად იმართება.
უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, აქციებზე დღემდე, დაახლოებით, 18,500 ადამიანია დაკავებული, ხოლო 300-ზე მეტი კი პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაიღუპა. ისლამური რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ დაკავებულთა უმეტესობა გაათავისუფლებულია.