ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

14 წლის შემდეგ, ნატო უკრაინისადმი დანაპირებს განაახლებს


სამშაბათს ნატოს მორიგი მინისტერიალი ჩატარდება. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში შეიკრიბებიან, რათა თავიდან გამოუცხადონ უკრაინას მხარდაჭერა და დაპირდნენ, რომ ერთ დღეს ისიც გახდება მსოფლიოს ყველაზე დიდი სამხედრო თავდაცვითი ალიანსის წევრი.

ნატოს მინისტერიალი ბუქარესტში ორი დღე გაგრძელდება. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 14 წლის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დაარწმუნა ნატოს წევრი ქვეყნები, რომ ნატოს კარი გაეღოთ უკრაინისა და საქართველოსთვის.

"ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ნატოში გაწევრიანებისთვის. დღეს შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან",- ნათქვამი იყო 14 წლის წინანდელ განცხადებაში, რომელიც ნატოს ლიდერებმა გაავრცელეს. ამ განცხადებიდან დაახლოებით 4 თვეში, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო.

14 წელზე მეტი გავიდა ბუქარესტში ჩატარებული სამიტიდან. ხვალ, ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეიკრიბებიან და უკრაინას მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

"ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, ვიდრე საჭიროა. უკან არ დავიხევთ",- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ბუქარესტში მიმდინარე სამიტზე, დიდი ალბათობით, ნატო უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის გარდა, დამატებით მისცემს საწვავს, ელექტრო-გენერატორებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ზამთრის გადასატან საჭირო ნივთებს და სხვა დახმარებას.

XS
SM
MD
LG