ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

WSJ-ის ინფორმაციით, სალივანი რუსეთის წარმომადგენლებს ესაუბრა


ამერიკული გამოცემა „უოლ-სტრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა რუსეთის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკება გამართა. მოლაპარაკებების მიზანი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ბირთვული ესკალაციის რისკების შემცირება იყო.

გამოცემა იუწყება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თეთრი სახლის მრჩეველი შეხვედრებს მართავდა კრემლის წარმომადგენელ იური უშაკოვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პეტრუშევთან. პეტრუშევი სალივანის კოლეგაა, რომელიც საჯაროდ არ გამოჩენილა.

მხარეებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ გამართულა და მოლაპარაკებები სატელეფონო ზარების მეშვეობით წარიმართა. თუმცა, ეს საჯაროდ არ გახმაურებულა. ამერიკული გამოცემა არ აკონკრეტებს ზარების რაოდენობასა და თარიღებს.

ინფორმაციას თეთრი სახლი ჯერჯეობით არც ადასტურებს და არც უარყოფს. ბაიდენის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ „ხალხი ბევრ რამეს ამტკიცებს“.

რაც შეეხება რუსეთის მხარეს, „არ ვიცით, ასეა თუ არა. ამ პუბლიკაციაზე ჩვენ არაფერი გვაქვს სათქმელი,“- ამბობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის საუბრები მას შემდეგ გაიმართა, რაც კრემლის მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მინიშნებები. „უოლ-სტრიტ ჯორნალი“ ამბობს, რომ ვაშინგტონი მოსკოვს დაჟინებით მოუწოდებს, მოლაპარაკებები ომის დასრულების შესახებ მოსკოვსა და კიევს შორის წარიმართოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG