ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ჯარები რუსეთს ყირიმიდან ეხმარებიან - ვაშინგტონი


ჯონ კირბი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი
ჯონ კირბი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი

თეთრმა სახლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანის არმიის წარმომადგენლები ყირიმში იმყოფებიან. ისინი "ადგილზე უშუალოდ არიან ჩართულები" რუსეთის მიერ უკრაინაზე დრონებით მიტანილ იერიშებში, რის შედეგადაც მატულობს მსხვერპლი, ფეთქდება საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, ენერგოსადგურები. ეს უკრაინის კონფლიქტში ირანის ჩართულობის გაღრმავებაზე მიანიშნებს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კიბიმ ვაშინგტონში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანს ყირიმში გაგზავნილი ჰყავს "შედარებით მცირე რაოდენობის" სამხედრო პერსონალი. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ირანს ყირიმში ჰყავს მწვრთნელები და ტექნიკური უზრუნველყოფის პერსონალი, მაგრამ დრონების ოპერატორები რუსები არიან" - ამბობს ის.

კირბი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია თეირანზე ახალი სანქციების დაწესების საკითხზე მუშაობს, რათა ირანს რუსებისთვის დრონების მიყიდვაში ხელი მაქსიმალურად შეეშალოს. ბრიტანეთის დაზვერვაც ადასტურებს, რომ ყირიმში, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრები იმყოფებიან.

რუსეთი ბოლო დღეებში უკრაინას ირანული დრონებით განსაკუთრებული ინტენსივობით უტევს. ამას გარდა, მოსკოვი უკრაინის ობიექტების დაბომბვისას იყენებს "კალიბრის" და "ისკანდერის" ტიპის რაკეტებს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა 10 ოქტომბრიდან დღემდე, გაანადგურა უკრაინის ენერგოსადგურების 30%.

ირანში რუსი სამხედროების ჩასვლის და დრონების ოპერირებისთვის საჭირო წვრთნების გამართვის თაობაზე, ვაშინგტონი ჯერ კიდევ ზაფხულში იტყობინებოდა. ეს ინფორმაცია როგორც რუსეთმა, ისე ირანმა მაშინვე უარყვეს და ახლაც ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ.

თეთრი სახლის ცნობით, საერთაშორისო სანქციებმა, რომელთა შორის ექსპორტის კონტროლიც არის, რუსებს შეიარაღების განახლებაში ხელი შეუშალა. შედეგად, მოსკოვმა იარაღის მარაგის შესავსებად, ირანს და ჩრდილოეთ კორეას მიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG