ევროპის კავშირის მთავრობები ირანელ გენერლებს და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მიწოდებაზე არიან პასუხისმგებელნი, ოთხშაბათს სანქციებს დაუწესებენ. ინფორმაცია სააგენტო "როიტერს" საფრანგეთის ოფიციალურმა პირმა და გადაწყვეტილების შესახებ დეტალების მცოდნე 4-მა დიპლომატმა დაუდასტურა.
სანქცირებულნი იქნებიან დიპლომატები "შაჰედის ავიაციის ინდუსტრიებიდან", სადაც ირანული საბრძოლო დრონები მზადდება, ასევე ირანის რევოლუციური გვარდიის გენერლები, რომლებიც დრონების პროგრამებს ზედამხედველობენ, სულ - 8-მდე პირი თუ ორგანიზაცია. გადაწყვეტილებას ევროკავშირი ამ კვირის ბოლომდე მიიღებს, დიდი ალბათობით - ოთხშაბათს.
რუსეთი ირანულ დრონებს თითქმის ორი კვირაა უკრაინის ქალაქების, საცხოვრებელი კორპუსების, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაბომბად ინტენსიურად იყენებს. უკრაინა აცხადებს, რომ ჩამოგდებული დრონების ნარჩენებიდან გამომდინარე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იერიშებისთვის გამოყენებულია ირანში დამზადებული "შაჰედ-136" დრონები.
თეირანი ამ ინფორმაციას უარყოფს. ირანიდან შეიარაღების შესყიდვის ცნობას არც რუსეთი ადასტურებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ ირანი არათუ აწვდის დრონებს რუსეთს, არამედ დრონების რუს ოპერატორებს ირანში წვრთნის კიდეც.
Facebook Forum