ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში ხუთი დასახლებული პუნქტი დაიბრუნა


უკრაინამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამხრეთის რეგიონ ხერსონში კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა და ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაზე რუსული სარაკეტო დარტყმების ტალღის მიუხედავად, მისი შეიარაღებული ძალები კონტრიერიშს აგრძელებს.

პრეზიდენტის ოფისის ყოველდღიურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა (ხერსონის რეგიონის) ბერისლავის რაიონში კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი: ნოვოვასილივკა, [ნოვოჰრიჰორივკა], ნოვა კამიანკა, ტრიფონივკა, ჩერვონე გაათავისუფლეს. "მტერი აგრძელებს ჩვენი დანაყოფების პოზიციების საარტილერიო დაბომბვას, რათა შეხების მთელ ხაზზე კონტრიერიში შეაკავოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

9 ოქტომბერს უკრაინის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლოს კონტრიერიშის დაწყების შემდეგ, მისმა ძალებმა ხერსონის რეგიონში რუსული ძალებისგან თითქმის 1200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლა.

იმავდროულად, რუსეთი აგრძელებდა ზაპორიჟიის რეგიონზე და ქალაქ ზაპორიჟიაზე დარტყმებს. მუნიციპალური საბჭოს მდივანმა ანატოლი კურტევმა თქვა, რომ აფეთქებების შედეგად საცხოვრებელი სახლების ფანჯრები ჩაიმსხვრა და კარები დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ზაპორიჟია ფრონტის ხაზთან საკმაოდ ახლოსაა და ბოლო კვირებში არაერთი თავდასხმის სამიზნე გახდა. განსაკუთრებული შეშფოთების საგანი კი რეგიონში მდებარე ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებაა.

XS
SM
MD
LG