ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლომჯარია: ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომობის სურვილს ხედავენ


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ ამერიკაში საქართველოს მიმართ ერთგვარი იმედგაცრუება იგრძნობა. მეტიც მისი თქმით, ვაშინგტონში ამბობენ, რომ საქართველოს მხრიდან ამერიკასთან თანაშრომლობის ნაკლები სურვილია.

„ამერიკასა და საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია ხალხთა შორის ურთიერთობაზე. მაგრამ, ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ აქ იგრძნობა, რომ [საქართველოს მთავრობის] მხრიდან არის ნაკლები თანამშრომლობის სურვილი. [ხედავენ, რომ ] არის თავდასხმები ამერიკის ელჩზე, ასევე [ხედავენ] პროპაგანდას რომელიც აღვივებს იმ რწმენებს საქართველოში, რომ თითქოს ამერიკას სურს ომი საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა ეს განწყობები ახდენს გავლენას და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულწილად მოახდინა კიდეც გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე. ასე თუ გაგრძელდა ამას ექნება სერიოზული შედეგები,“- ამბობს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თუ საქართველოში გაგრძელდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ანტიდასავლური რიტორიკა, შესაძლოა საქართველომ ვაშინგტონის ყურადღება დაკარგოს და ინტერესები რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდეს „რაც შეუქცევად სახეს მიიღებს“ თუმცა აქვე განმარტავს, რომ პროცესის შემობრუნება შესაძლებელია.

„მომავალში გარკვეული დახმარებები შესაძლოა არა საქართველოზე, არამედ სხვა ქვეყნებზე წარიმართოს. რომელთა ხელისუფლებების მხრიდან უფრო დიდ სურვილს და მოტივაციას ხედავენ, რომ მიიღონ ეს დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მათ შორის ჩვენს რეგიონშიც კი... [ეს]

მაშინ როცა საქართველო იყო ყოველთვის ამ მხარდაჭერის დახმარების მთავარი მიმღები და პრიორიტეტი.“_ ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის რანგში ლომჯარია ვაშინგტონში ბოლო შეხვედრებს მართავს, ის გუნდთან ერთად ხვდება ამერიკელ კანონმდებლებს, ანალიტიკური წრეების და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ვაშინგტონი ყურადღებით დააკვირდება ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესსაც, მისი თქმით ინტერესი ამ საკითხის მიმართ ამერიკაში დიდია.

„დაინტერესებას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით თავად გამოხატავენ. ისინი ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევენ. მათი სურვილია, რომ ეს პროცესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართოს, რომ ამ ინსტიტუტმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, ნეიტრალურობა და პროფესიონალიზმი,“_ ამბობს ლომჯარია.

რაც შეეხება თავდასხმებს როგორც სახალხო დამცველის აპარატზე ასევე პერსონალურად, ლომჯარია ამბობს, რომ ეს ბევრი მიზეზით არის განპირობებული, ერთ-ერთი კი ვაშინგტონის მხრიდან სახალხო დამცველის როგორც ინსტიტუტის მიმართ მკაფიო მხარდაჭერაა.

„ანტიდასავლური, ანტიამერიკული ძალების ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს მართველი პარტიიდან წამოსული დეპუტატების ჯგუფი , რომლებიც კონსპირაციის თეორიებს ავითარებენ, ესხმიან თავს სახალხო დამცველს იმიტომ, რომ სახალხო დამცველს მაღალი ნდობა აქვს ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შეიძლება ეს იყოს"_ ამბობს ლომჯარია.

საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი ვაშინგტონში კვირის ბოლოს დასრულდება, მას შემდეგ რაც ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG