ბელარუსის პრეზიდენტი, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და განაცხადა, რომ აფხაზეთის შეუმჩნევლობა შეუძლებელია. აფხაზეთში მას ცეკვით შეხვდნენ. „აი, გუშინაც განვიხილავდით აფხაზეთის პრობლემებს ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან განვიხილავდით. აფხაზეთს რუკიდან ვერ წაშლი. ჩვენ გვახსოვს, რომ ერთ სახლში, ერთ ბინაში ვცხოვრობდით. მე მგონი, უნდა დამიჯეროთ, რადგან თქვენთვის არასდროს გვიღალატია,“- განუცხადა ლუკაშენკომ აფხაზებს.
ასლან ბჟანია, ვის წინააღმდეგაც სოხუმში სახალხო პროტესტი იყო პუტინისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის დაპირების გამო, ლუკაშენკოს სიხარულით შეხვდა. „ჩვენ დიდი ხანია გელოდით. გვიხარია, რომ აქ გხედავთ. აფხაზეთ-ბელარუსისთვის ეს ურთიერთობის ახალი ეტაპია. ყველაფერი ისე გვექნება, როგორც ეს ძველ, კარგ, საბჭოთა დროში იყო. კეთილი იყოს თქვენი აქ მობრძანება“,- განაცხადა ასლან ბჟანიამ, დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერმა.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა: „მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის”.
განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც გააკეთეს. უწყებაში ბელარუსის ელჩიც დაიბარეს და ლუკაშენკოს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე პასუხი და ახსნა-განმარტება მოითხოვეს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე. ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს,“- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დავით სიხარულიძე, ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ლუკაშენსკოს მიერ გადადგმული ნაბიჯი არის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ღია უგულვებელყოფა. მისი თქმით, აშაკარაა, რომ ამ ნაბიჯისკენ ბელარუს დიქტატორს უბიძგა პუტინმა, თუმცა ეს მას დაკისრებული პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. „არა მხოლოდ აფხაზეთში ჩავიდა ლუკაშენკო, პუტინის ზეწოლის ქვეშ, არამედ მას დაუთმო საკუთარი ტერიტორიაც, როდესაც ბელარუსიდან დაესხნენ თავს და ამ ტერიტორიიდან დაბომბეს უკრაინა. ცხადია, მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, საერთაშორისო დონეზე. ვითარება ძალიან სერიოზულია. ლუკაშენკოს ჩასვლა აფხაზეში, შესაძლოა, იყოს ნაბიჯი აღიარების მომზადებისთვის“,- გვეუბნება დავით სიხარულიძე. მისივე მოსაზრებით, რუსეთის პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა აღიარების პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, თუმცა რადგან ლუკაშენკოს რეიტინგი ბელარუსში ისტორიულ მინიმუმზეა, შესაძლოა, ამან უკიდურესი ნაბიჯებისკენ უბიძგოს.
„პუტინი კიდევ ერთხელ, ამ რთულ ვითარებაში, ცდილობს მაქსიმალურად შექმნას დაძაბულობის კერები სამეზობლოში. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აჩვენებს თავად ბელარუსის დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირებას. ესაა კიდევ ერთი დადასტურება მისი რეჟიმის დეგრადირებისა. ესაა მძიმე ავტორიტარული რეჟიმი, ტოტალიტარული ნიშნებით, რომელიც ახშობს საკუთარ ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას, ებრძვის პოლიტიკურ პარტიებს... მისი ვიზიტი აფხაზეთში კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს, რომ ლუკაშენკო პუტინის ინტერესების მომსახურე ფიგურად იქცა“,- გვეუბნება დავით სიხარულიძე.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პარლამენტის წევრი, უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ბელარუსი და მისი პრეზიდენტის ამ გზით წასვლა მოსალოდნელი იყო. „ეს არ იყო საიდუმლო რამდენიმე მიზეზის გამო. აქამდე საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა განპირობებული იყო საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და დასავლეთით. უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს დგომამ და დასავლეთისგან სრულმა იზოლაციამ, შეცვალა არსებული სტატუს ქვო. კრემლში ალაპარაკდნენ ეგრეთ წოდებულ ახალი სამეკავშირეო რესპუბლიკების შექმნაზე ბელარუსთან ერთად. იქნება ეს გენშტაბის უფროსის დონე, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მედვედევის პოსტი თუ სხვა. 25 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა სოლოვიოვის გადაცემაში ღიად განაცხადა თანხმობა რუსეთის და ბელარუსის სამეკავშირეო რესპუბლიკებთან შეერთების შესახებ, რომელიც ემთხვევა მათ ინტერესებს,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.
სერგი კაპანაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ლუკაშენკოს ვიზიტს ასევე განიხილავს ახალი სამეკავშირეო რესპუბლიკების შექმნის სასიგნალო ნიშნად. „ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში განპირობებულია იმით, რომ პუტინი ცდილობს, თავისი ანექსიური პოლიტიკის განვითარებას. მისი ერთი ნაწილია უკრაინული მიწების ანექსია და არალეგალური მიერთება. ამ პოლიტიკის მეორე განზომილებაა ეგრეთ წოდებული, სამოკავშირეო სახელმწიფოები. მას სურს ბელარუსი, პოტენციურად აფხაზეთი და ცხინვალი მიიერთოს, ერთობლივი სახელმწიფოს ფარგლებში. ბოლო დროს გააქტიურებულია დისკურსი ამ მიმართულებით. აფხაზეთში ჩასვლაც ამის გამოვლინებაა,“- გვეუბნება სერგი კაპანაძე.
თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ეს არ იყო მხოლოდ ვიზიტი და რომ მას, სავარაუდოდ მოყვება აფხაზეთის უკანონო აღიარება „შესაძლოა, ასევე მოჰყვეს დაბეჩავებული და ლიმიტირებული მცდელობა სსრკ-ს აღდგენის. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ რაც არ უნდა არგაღიზიანების პოლიტიკა აწარმოოს ხელისუფლებამ, კრემლი ყოველთვის ამოდის საკუთარი ინტერესებიდან და ჩვენს ინტერესებზე თუ არ ვართ ორიენტირებული კიდევ უფრო მარტივად დავყვებით მტრის ნებას. ახლა მთავარი კითხვაა თუ განიხილა ეს საკითხი რაიმე ფორმატში პრემიერმა, რადგან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რომ ფაქტობრივად არსებობს და უმოქმედოა ცხადია. რა გეგმა აქვს საგარეოს არაღიარების პოლიტიკის კუთხით და როდის და როგორ საერთაშორისო თანამეგობრობასთან კომუნიკაციის განხორციელებას, ძალიან საინტერესოა,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.
სერგი კაპანაძე იმის შესახებაც აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს დაუსჯელობის განცდა აქვს. „სამწუხაროა, რომ ვიცით ისიც, რომ აქამდე, არსებობდა ხელისშემშლელი ფაქტორები ლუკაშენკოსთვის, არ გადაედგა ეს ნაბიჯი. მან პირდაპირ გააკეთა განცხადება ამის თაობაზე ერთი წლის წინ. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ აქამდე ვერ მოვარხერხეთ, სერიოზული სანქციები უზრუნველგვეყო აფხაზეთის და ცხინვალის გამო. ახლა ლუკაშენკოს აქვს დაუსჯელობის განცდა,"- ამბობს კაპანაძე.
რაც არ უნდა მამებლური და რუსეთის არ წყენინებაზე ორიენტირებული იყოს საქართველოს ხელისუფლება, თუ პუტინს სჭირდება, ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, მიუხედავად იმისა, რას აკეთებს. „ქართული ოცნება“, - გვეუბნება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და დასძენს - "თავად ლუკაშენკომაც თქვა, რომ დავალება მიიღო, პუტინის ნახვის შემდეგ ჩავიდა აფხაზეთში. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია. ჩვენ, თუ გვინდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ, მხოლოდ დასავლეთისა და სანქციების მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს. რუსეთისთვის ენის მოჩლექვით, ამას ვერ გავაკეთებთ“,- აბობს სერგი კაპანაძე
საქართველოს მხრიდან გადასადგმელი პროაქტიური ნაბიჯების შესახებ ამახვილებს ყურადღებას დავით სიხარულიძეც. „სირაქლემის პოზიციაში ჩადგომა, თითქოს რაღაც საკითხები არ ეხება საქართველოს, არის წამგებიანი, ბეცი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ივანიშვნილის რეჟიმი, ერთმნიშნვნელოვნად, ჩართულია ანტიასავლურ პოლიტიკაში, ასევე ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ. თუ დასავლური კურსი მაინც ნარჩუნდება, ეს არის იმის ხარჯზე, რომ ჩვენი მოქალაქეების 80 პროცენტი მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო და ხისტი პასუხი იმისთვის, რომ რუსეთმა მსგავსი ზეწოლა არ განახორციელოს სხვა ქვეყნებზე,“- აცხადებს დავით სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში.
"ამერიკის ხმა" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც ლუკაშენკოს უმასპინძლა თბილისში და ესტუმრა კიდეც მას მინსკში. 2015 და 2018 წლებში, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა მაშინ განაცადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქართველ ხალხს.
მარგველაშვილი ამბობს, რომ არ ისაუბრებს ლუკაშენკოზე, რადგან ამ ეტაპზე არ განიხილავს მას ისეთ პოლიტიკურ ფიგურად, რომლის შესახებაც კომენტირების სურვილი აქვს.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა - „ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და დაგმო ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში“.
რა სახის საერთაშორისო ზეწოლის ორგანიზებას შეძლებს საქართველო რუსეთსა და ბელარუსზე, აფხაზეთის მოსალოდნელი აღიარების საპასუხოდ, ამას მომდევნო დღეები აჩვენებს.