30 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების შესვლის შეთანხმებებს. „დარწმუნებული ვარ, ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოთხი ახალი სუბიექტის მიღების შესახებ, რადგან ეს არის მილიონობით ადამიანის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში“, - აღნიშნა პუტინმა.
ამ შეთანხმების ხელმოწერამდე, 23-27 სექტემბერს, რუსულმა ჯარმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ეგრეთ წოდებული „რეფერენდუმები“ ჩაატარა.
30 სექტემბერსზე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ნატოში გაწევრიანების თაობაზე. მან, თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ უკრაინამ, დე-ფაქტო, უკვე დაამტკიცა სამხედრო თავსებადობისა და ნატოს სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ. „დღეს ჩვენ დე-იურე ვაკეთებთ განცხადებას, რომ გავხდეთ ნატოს წევრები და ვაკეთებთ განაცხადს ნატოში სწრაფი გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერით“,- აღნიშნავს პრეზიდენტი ზელენსკი.
30 სექტემბერს სპეციალური განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გააკეთა. მისი თქმით, მოსკოვის მიერ ჩატარებული რეფერენდუმები უკრაინის ტერიტორიებზე ყალბია და არაელგიტიმური. მან კიდევ ერთხე გაუსვა ხაზი იმას, რომ ნატო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. „დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ისევე როგორ ყირიმი- უკრაინაა. ჩვენ, მართალია, უშუალოდ არ ვართ ჩართული კონფლიქტში, მაგრამ ვერხმარებით უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში“,- ამბობს სტოლტენბერგი და ომზე სრულ პასუსიმგებლობას პუტინს აკისრებს. მისივე განცხადებით, თუ რუსეთი ომს შეწყვეტს, ეს მშვიდობას მოიტანს, უკრაინის მიერ ბრძოლის შეწყვეტა კი ნიშნავს იმას, რომ ის აღარ იარსებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რითაც დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას. რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,“- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინისადმი თანადგომისა და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფის თაობაზე სოციალურ ქსელში დაპოსტა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აფასებს პუტინის ქმედებასა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების შანსებს. „ძალიან რთულია პუტინის ამ ამაზრზენი ტექსტის პოლიტიკური შეფასება. ეს იყო პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებული ადამიანის, დამარცხებული სახელმწიფოს ლიდერის სიტყვა. უკრაინაში ჩატარებული ყალბი რეფერენდუმების, სამხედრო მარცხის შემდეგ, განსაკუთრებით ხარკოვში, პუტინი, შეეცადა სახის შენარჩუნებას, რაც არ გამოუვიდა. მთელი მისი სპექტაკლი ჩაშალა ზელენსკის ისტორიულმა, მტკიცე გადაწყვეტილებამ, პასუხმა. მინდა გითხრათ, რომ ბუქარესტის სამიტის ჩანაწერში უკრაინა და საქართველო ერთადაა ნახსენები. ჩვენ გაცილებით უფრო წინ ვიყავით, ვიდრე უკრაინა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვისზეც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია. საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ნატოში გაწევრიანება, უკრაინასთან ერთად,“- გვეუბნება ხატია დეკანოიძე.
უკრაინამ უკვე გააკეთა განაცხადი ნატოში გაწევრიანების გზაზე. საქართველო ასევე იყო, უკრაინასთან ერთად, იმ ქვეყნებს შორის, ვისაც უნდა მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, პოლიტიკური მოვლენების გამო, ამ პროცესს ჩამორჩა. რა მოხდება ნატოსთან ურთიერთობის შემთხვევაში?
ხატია დეკანოიძეს მოაჩნია, რომ საქართველომ უკრაინა დაკარგა, როგორც მოკავშირე. „საქართველოს რომ ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც მხარში დაუდგებოდა უკრაინას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ზელენკის განცხადებაში საქართველოც იქნებოდა ნახსენები. ამ განცხადებაში იქნებოდა სიტყვები, რომ ეს არის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც არა მხოლოდ უკრაინა გაგვიუცხოვა,“- გვეუბნება ხატია დეკანოიძე.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კახაბერ ქემოკლიძე, „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი აღნიშნავს, რომ განაცხადი, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეტა, ნატოში წევრობაზე, იყო რეაქცია, პასუხი შიდა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რაც უნდა გაეკეთებინა იმ უკანონო აღიარებებთან მიმართებით, რასაც ადგილი ჰქონდა პუტინის მხრიდან. „საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, მაგრამ ნატო საერთო, საყოველთაო კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებებს. მე მაინც მგონია, რომ ეს შედარებით უფრო გრძელი პროცესია. სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობა არ არსებობს. ბუქარესტის სამიტის პოლიტიკური გადაწყვეტილება მაინც მაგიდაზეა. გასათვალისწინებელია სკეპტიკოსი ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის. იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ დღეს უკრაინა პირდაპირ კონფრონტაციაშია რუსეთთან, ეს ამ სკეპტიციზმს უფრო აღრმავებს. მაინც მგონია, რომ ცივი გონებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ამაში იგულისმება, საშინაო დავალებაზე მუშაობა. მე არ მაქვს განცდა, რომ დღეს ხელისუფლება ამაზე აქტიურად მუშაობს,“- გვეუბნება კახაბერ ქემოკლიძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რეფორმების ჯგუფის წარმომადგენელი თეონა აქუბარდია, ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს.
„2008 წლის აფაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაგძელებაა უკრაინის ტერიტორიების დღევანდელი აღიარება და ანექსია. ამას მოსდევს ბირთვული ომით შანტაჟი მსოფლიოს წინაშე და უკან დასახევი ხიდების დაწვა. ნაკლები დანაკარგით ვითარებიდან გამოსვლის შანსი პუტინმა უკვე გაუშვა ხელიდან. ის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საკუთარ ინტერესებს მიაღწიოს, რაც კარგად ჩანს, რომ არ გამოუვა. ნატოს წევრობაზე განაცხადი უკრაინის მხრიდან არის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი. ნატოს დასჭირდება დრო ამ გადაწყვეტილების შესაფასებლად, ასევე 30 წევრი სახელმწიფოს თანხმობის მოსაპოვებლად. საქართველოს სერიოზული ნაბიჯები აქვს გადადგმული ნატოში ინტეგრაციისთვის, თავდაცვითი თავსებადობის კუთხით. სამშვიდობო მისიებში იყო ნომერ პირველი წვლილის შემტანი, ერთ სულ მოსახლეზე და მეორე - შეიარაღებული ძალების მიხედვით, აშშ-ს შემდეგ. შანსები, ჩვენთვის და უკრაინისთვის, ნატოში გაწევრიანების გზაზე თანაბარია, მაგრამ გეო-პოლიტიკური ფაქტორი ბევრ რამეს ცვლის ხოლმე. მხოლოდ რეფორმების ნაწილის წარმატებით დაძლევაც არაა საკმარისი და პოლიტიკური ფაქტორების თანხვედრაც სჭირდება ამას,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.
სამი დღის წინ საქართველოში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა იმყოფებოდა. მან მოინახულა ეგრეთ წოდებული ოკუპაციის ხაზი და შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. „ამერიკის ხმამ“ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰკითხა იმის შესახებაც, ხომ არ იმსჯელეს კოლომინასა ვიზიტისას ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებული პერსპექტივის თაობაზე.
„კოლომინასთან კომუნიკაციისას ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი საკითხი იყო რეფორმები და რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატია. მისი ჩამოსვლა რაღაცნაირად, დაემთხვა ზელეკსის გამოსვლას,“- ამბობს ხატია დეკანოიძე.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის არაა ხელიდან გაშვებული. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი მას დავეწიოთ, უკრაინისა და მოლდოვას ლოკომოტივით. თუმცა, ნატოსთან მიმართებით პრობლემას ვხედავ უფრო ქვეყნის შიგნით. ერთის მხირვ, ნებელობა რეფორმების განხორციელება. მეორე, პრემიერ მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, შეუძლებელი ნატოს წევრობა. ეს ასე არ არის. გადაწყვეტილება პოლიტიკური კონტექსტიდან იქნება მიღებული. რუსეთის აგრესია ცვლის კონტექსტს. ნატო მუდმივად არ უნდა იყოს იმედგაცრუებული საქართველოს წარუმატებლობით. შარლ მიშელის 19 აპრილის განცხადება შეტანილი იყო ნატოს წინა კომუნიკეში. მისი შეუსრულებლობით რომ დიდი იმედგაცრუებაა ნატოში, ეს ბატონი კოლომინას ვიზიტის დროსაც დადასტურდა,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.
„საშინაო დავალების“ შესრულება რომ იქნება მნიშნველოვანი ფაქტორი ნატოში გაწევრიანების გზაზე, ამის თაობაზე კახაბერ ქემოკლიძეც აღნიშნავს. ისიც, ისევე როგორც ხატია დეკანოიძე და თეონა აუბარდია, იმყოფებოდნენ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრისას და ესაუბრნენ მას.
„არ დაგვრჩა განცდა, რომ რაიმე ექსტრა-ორდინალური გზავნილებით იყო ჩამოსული ბატონი კოლომინა. მან გააჟღერა ის შენიშვნები, რაც როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან ჰქონდა. ეს გზავნილები ეხებოდა საშინაო დავალების შესრულებას. ჩვენი გამოსასწორებელია, ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ამას ვერ გაგიკეთებს ვერავინ. ვერც ბატონი კოლომინა და ვერც ნატოს გენერალური მდგივანი. ჩვენი საქმე - ესაა შიდა დაპირისპირებების დასრულება და ზეპარტიულ საკითხებზე საერთო კონსენსუსის მიღწევა,“- ამბობს კახა ქემოკლიძე.
30 სექტემბერი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის განცხადებების კასკადით აღინიშნა. „ამერიკის ხმის“ რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ უკრაინასთან მიმართებით და უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს მომავალზეც იქონიებს გავლენას.