უკრაინაში რუსეთის ომიდან 7 თვის თავზე ვაშინგტონში გრძელდება მსჯელობა, როგორ გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რომელიც უკრაინაში „გენოციდს“ აწყობს. ამერიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება თანხმდება, რომ უკრაინისთვის მზარდი სამხედრო დახმარების პარალელურად, რუსეთზე ფინანსური და ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
„რა შეუძლია გააკეთოს [ამერიკის] ადმინისტრაციამ, რომ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს, რათა რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს? სანამ ჩვენ გრძელვადიან [პოლიტიკას ვაწარმოებთ], უკრაინელები კვდებიან. ასე რომ, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია,“- ამბობს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსეთის შესაჩერებლად ყველა კომპონენტი თანხვედრაში უნდა იყოს.
„ამ ბრძოლის მოგება მხოლოდ იარაღის, მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევით ან სანქციებით არ მოხდება. ყველა ეს კომპონენტი ერთობლიობაში უნდა იყოს, ამისთვის საჭიროა მეტი კოორდინაცია. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს გადარჩენაში,“- ამბობს სენატორი ბობ მენენდესი.
სენატორები რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან ამბობენ, რომ დასავლური სანქციები მუშაობს თუმცა განმარტავენ, რომ მათ უკეთესი შედეგის ხილვა სურთ, რათა რუსეთი იძულებული გახდეს შეწყვიტოს ომი უკრაინაში.
„წამება, გაუპატიურება, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საავადმყოფოების, ეკლესიების და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვაზე .. ეს რეალურად წარმოადგენს გენოციდს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს სამხედრო კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლო იყო იმ წარმატებისთვის, რომელსაც ბრძოლის ველზე პუტინი გრძნობს. მან ზეწოლა უნდა იგრძნოს სახლშიც. ჩვენ უნდა გავამკაცროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,“- თქვა ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა.
დასავლური სანქციები რომ მუშაობს-ამას ეს მონაცემიც ადასტურებს. მთელს მსოფლიოში რუსეთს 300 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები გაუყინეს. ამერიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ ამ თანხების კონფისკაცია უნდა მოხდეს და უკრაინის დასახმარებლად გადამისამართდეს.
„საჯარო მონაცემებით, 300 მილიარდ დოლარზე მეტი რუსული აქტივების გაყინვა მოხდა. ჩვენ ამ თანხის კონფისკაცია უნდა მოვახდინოთ და მოვახმაროთ ის უკრაინის რეკონსტრუქციას, მივმართოთ ის უკრაინელი ხალხისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველსაყოფად,“- ამბობს სენატორი ჯიმ რიში.
სენატორის პოზიციას იზიარებენ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტშიც.
„პარტნიორებთან მუშაობით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გაყინული აქტივები მივმართოთ უკრაინელი ხალხის საჭიროებებზე. ეს იქნება უკიკალური შესაძლებლობა უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ვცდილობთ ამის
სწრაფად გაკეთებას“- თქვა ელისაბედ როზენბერგმა, რომელიც ამერიკის ხაზინის მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ „რუსეთი უკრაინაში ომიდან დამარცხებული და დასუსტებული გამოვა,“- განცხადება ამის შესახებ სენატორებთან საუბრის დროს ჯეიმს ო'ბრაიენმა გააკეთა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელია.
ო'ბრაიენმა სენატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სანქციების გავლენის შესახებ და თქვა, რომ შედეგები უფრო და უფრო კრიტიკულია.
„რუსმა სამხედროებმა და მათმა ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ, რომ გუშინდელი დღე რომ ცუდი იყო, დღეს უფრო ცუდია და ხვალ უარესი იქნება“ - ამბობს ის.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სანქციების შედეგებიც გააცნო სენატორებს და თქვა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთისთვის დასავლეთის კოორდინირებულ მუშაობას უფრო დიდი ეფექტი ექნება.
„ მიზანმიმართული სანქციების გამო, რუსეთში აღარ იყიდება კრიტიკული ელემენტები, რაც მათ ომისთვის ჭირდებათ. მათ აქვთ პრობლემები ხელოვნური ინტელექტის კუთხით, ქიმიკატების დეფიციტი, მოწინავე მასალების, მათ შორის ჩიპების დეფიციტი. ამის გამო რუსებს
ყოველდღიურად უწევთ გადადგან ნაბიჯი უკან და ძველი სამხედრო შეიარაღების გამოყენებას დაუბრუნდნენ,“- ამბობს ო'ბრაიანი.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვე განმარტავს, რომ მკაცრად კონტროლდება ყველა გზა, რომლითაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლას ცდილობს ან მომავალში ეცდება.
„ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, თუ მათ სურთ ჩვენს ბაზართან წვდომა შეინარჩუნონ, არ უნდა ითანამშრომლონ რუსეთთან, არ უნდა დაეხმარონ მას სანქციების გვერდის ავლაში. ამ საკითხს ყურადღებით ვსწავლობთ. მაგალითად ირანის შემთხვევაში, ავამოქმედეთ დამატებითი სანქციები. ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებს,“_ ამბობს ო'ბრაიენი.
ბაიდენის ადმინისტრაციის მოლოდინია, რომ წელს რუსული ეკონომიკა 4-დან 6 პროცენტამდე შემცირდება, 2-4 პროცენტით კი მომდევნო წელს „და ასე გაგრძელდება წლების განმავლობაში, რაც უფრო და უფრო ნაკლებ რესურსს დატოვებს რუსეთში“.
ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, დასავლეთის კოორდინირებული ქმედებების გამო, რუსეთის აქციების დაახლოებით 25 პროცენტი ამოწურულია, რომლითაც რუსეთი ეკონომიკის სუბსიდირებას ცდილობს. ამას მოწმობს ფაქტიც, რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი 10 პროცენტით შემცირდა. „ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა დიდ ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის დაწესებული სანქციების პირდაპირი შედეგი,“- ამბობს ო'ბრაიენი.
სენატორთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საკმარისი შედეგი არ არის და სანქციების გამკაცრება უნდა მოხდეს, რათა ომი შეჩერდეს.
„[სანქციები] მიზანი არ ეხება მხოლოდ ბრჭყვიალა იახტების წართმევას, ან ოლიგარქების განდევნას შვეიცარული ბაკებიდან და ბრიტანული
საფეხბურთო გუნდებიდან. [ჩვენი მიზანი] პუტინის სამხედროების იარაღების გაჩერება და ომის შეჩერებაა. უნდა შევაჩერთო სახლების, საავადმყოფოების და სკოლების განადგურება. საუბარია თავისუფლებისთვის, სამშობლოსთვის მებრძოლი უკრაინელების მასობრივი მვკლელობების შეჩერებაზე. საუბარია იმაზე, რომ დამოუკიდებელი თავისუფალი უკრაინა გადარჩეს. ასე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ასევე გავაძლიეროთ და გავაგრძელოთ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა,“_ თქვა მენენდესმა.
სანქციებზე ამერიკა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად მსჯელობას აგრძელებს. პარალელურად, იზრდება სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინა ამერიკისგან იღებს.
პენტაგონი კიევს დამატებით 18 ჰაიმარსს აძლევს. დახმარების ახალი, $1.1 მილიარდიანი პაკეტი სხვა ტიპის შეიარაღებასაც ითვალისწინებს. დასავლური დახმარებით კი უკრაინა ტერიტორიებს იბრუნებს და თავდაცვას ზრდის.
„პუტინის იდეა, რომ მას შეეძლო ამ ქვეყნის [უკრაინის] ოკუპაცია და იქ მის მიერ მართული რეჟიმის დანიშვნა, ასევე ის ამოცანა, რომ ის შემდეგ სხვა ქვეყნებში გადასულიყო, დასრულდა! ის ვერასდროს მოახდენს ამ ქვეყნის [უკრაინის] ოკუპაციას. ის [პუტინი] მოკვდება ისე, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს,“- ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში.
ის, რომ პუტინმა მიზანს ვერ მიაღწია იზიარებს დემოკრატი სენატორი და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, დემოკრატი ბობ მენენდესი. ის განმარტავს, რომ დღეს პუტინი „სასოწარკვეთილია.
„პუტინი სასოწარკვეთილია. ის აიძულებს რუს კაცებს მთელს ქვეყანაში შეუერთდნენ არალეგალურ და სულ უფრო არაპოპულარულ ომს, ყიდულობს რაკეტებს ჩრდილოეთ კორეიდან, დრონებს ირანიდან, აწყობს ყალბ რეფერენდუმებს. ხალხს მასში მონაწილეობას იარაღის მუქარით აიძულებენ... მაგრამ დღეს პუტინი არ არის იქ, სადაც მას უნდოდა რომ ყოფილიყო. ეს არის დამსახურება უკრაინელი მებრძოლი ხალხის და 15 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ძლიერი საერთაშორისო კოალიციის,“- ამბობს სენატორი.
ბაიდენის ადმინისტრაციაში და ამერიკის სენატში ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ქვეყნებს, რომლებიც შესძლოა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარონ და იმათ, ვინც არ მოახდენს დასავლური სანქციების იმპლემენტაციას. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ასეთი ქვეყნების მიმართ საპასუხო ნაბიჯები მკაცრი იქნება.
Facebook Forum