ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სამხედრო მობილიზაცია დაიწყო, რუსების ნაწილი ქვეყნიდან გასვლას ჩქარობს


მოსკოვმა დღეს პრეზიდენტის სამხედრო მობილიზაციის განკარგულების აღსრულება დაიწყო, რამაც რუსების ნაწილს ქვეყნის სასწრაფო დატოვებისკენ უბიძგა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზაცია დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის მეშვიდე თვის თავზე, ათასობით მოკლულის, მილიონობით დევნილის, განადგურებული ქალაქების და გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული სერიოზული ზიანის ფონზე, მორიგ ესკალაციას ელოდებიან. მსგავსი კონფრონტაცია ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

ჯარში მასობრივი გაწვევა საფრთხეს არამარტო უცხოეთს, არამედ ქვეყნის შიგნით, მთავრობასაც უქმნის. პუტინის ქვეყნის სათავეში ყოფნა ფორმალურად თუ არაფორმალურად, უკვე 22 წელს ითვლის. რუსეთის მთელ რიგ ქალაქებში საპროტესტო აქციები ოთხშაბათს, მისი გამოცხადების დღიდან დაიწყო. პირველივე დღეს ომის საწინაარმდეგო მიტინგები რუსეთის 38 ქალაქში გაიმართა. პოლიციამ 1 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა. ინფორმაციას რუსეთის დამოუკიდებელი მედია-საშუალებები ავრცელებენ.

ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვიც მაშინვე გაიზარდა. თვითმფრინავის ბილეთების საფასური ახლა მარტო ერთ მიმართულებაზე $5 000-ზე მეტია. ამასთან, უახლოეს დღეებში ბილეთი ფიზიკურად აღარ არის, გაყიდული ან დაჯავშნილია. "როიტერის" ცნობით, მოძრაობის ინტენსივობამ რუსეთის ფიზიკურ საზღვარზეც იმატა, საქართველოს და ფინეთის მიმართულებით.

კრემლი აცხადებს, რომ ინფორმაცია ქვეყნიდან მოქალაქეების მასობრივი გადინების შესახებ, გადაჭარბებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG