ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინასთან სამხედრო ტყვეების გაცვლას ადასტურებს, მედვედჩუკზე კი არ საუბრობს


უკრაინელი მებრძოლები რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ჩერნიჰივის რეგიონი
უკრაინელი მებრძოლები რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ჩერნიჰივის რეგიონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ დღეს, 13:00 საათისთვის დაადასტურა, რომ უკრაინასთან ტყვეები გაცვალა. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადებით, „გაცვლის შესახებ რთული მოლაპარაკების შედეგად, ღამით, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებული უკრაინის ტერიტორიიდან დაბრუნებულია რუსეთის, დონეცკის და ლუჰანსკის რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების 55 სამხედრო“. როგორც კონაშენკოვმა თქვა, მათ „ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ “.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, გათავისუფლებული სამხედროები რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაიყვანეს და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან. კონაშენკოვს არ უთქვამს, რამდენი ტყვე გადასცეს უკრაინას და არც უკრაინელი მეომრების სანაცვლოდ გათავისუფლებული ვიქტორ მედვედჩუკი უხსენებია.

უკრაინელ მებრძოლებში, მათ შორის „აზოვის“ წევრებში, მედვედჩუკის გაცვლის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა მოსკოვში, დღევანდელ ბრიფინგზე ჰკითხეს. პესკოვმა თქვა, რომ გაცვლის შესახებ ინფორმაციის კომენტირება არ შეუძლია.

გასულ ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთს გადასცა პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა, პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი და 55 სამხედრო ტყვე. სანაცვლოდ დაიბრუნა უკრაინის 215 დამცველი, მათ შორის, პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ერთი მედვედჩუკის სანაცვლოდ, 200 უკრაინელი მეომარი გაათავისუფლეს.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი 2022 წლის აპრილში დააკავა. გენერალურმა პროკურატურამ მედვედჩუკს ბრალი სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით წაუყენა.

XS
SM
MD
LG