ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია რუსეთში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს ქვეყანაში სამხედრო რეზერვის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამ დრომდე რუსეთი უკრაინაში წამოწყებულ ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და ოფიციალურ მობილიზაციას პირველად აცხადებს. უკრაინის კონტრშეტევის პარალელურად, რუსეთის ძალები მეზობელ ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილზე კონტროლს კარგავენ.

სატელევიზიო მიმართვისას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ეს მობილიზაცია რუსებისთვის "სამშობლოსა და სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია". რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ სამხედრო სამსახურში 300 000-მდე რეზერვისტს გაიწვევენ, ეს იქნება გაწვრთნილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და არა მაგალითად, სტუდენტები.

ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლეთი რუსეთის დასასუსტებასა და განადგურებას ცდილობს, მაგრამ ქვეყანა "გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას იმისთვის, რომ რუსეთი და მისი ხალხი დაიცვას". რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჯარში გაიწვევენ სამხედრო თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, პირველ ყოვლისა მათ, "ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია და შესაბამისი გამოცდილება აქვს" და ისინიც, სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე გაივლიან სავალდებულო სამხედრო მომზადებას.

"დასავლეთმა თავის აგრესიულ ანტირუსულ პოლიტიკაში ყველა ხაზი გადაკვეთა. ეს არ არის ფანდი. და ყველამ, ვინც ჩვენს დაშანტაჟებას შეეცდება ბირთვული იარაღით, უნდა იცოდეს, რომ ისრის მიმართულება შესაძლოა შეიცვალოს და მათკენ მიტრიალდეს", - თქვა პუტინმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინის ამ განცხადების პარალელურად გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეკრებილი ლიდერები "თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის თაობაზე საუბრობენ".

"ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი. და ერთი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც აგრესიაა მიმართული - უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება", - თქვა მიშელმა.

პუტინის განცხადებას გამოეხმაურა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესიც და თქვა, რომ პუტინი და შოიგუ ათობით ათას საკუთარ მოქალაქეს სასიკვდილოდ აგზავნიან, რადგან ისინი ცუდად არიან შეიარაღებულნი და ცუდი მმართველობის ქვეშ იმყოფებიან. "პროპაგანდისა და მუქარის ვერანაირი მასშტაბები ვერ დამალავს ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს და საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებულია, რუსეთი კი გლობალურ განკვეთილად იქცევა", - ამბობს თავდაცვის მდივანი.

რუსეთის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების მიზანი უკრაინის აღმოსავლეთით დონბასის რეგიონის "გათავისუფლებაა", რომლის მოქალაეებსაც მისი თქმით, სურთ რომ რეგიონი რუსეთის ნაწილი იყოს. ლუჰანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პრორუსი სეპარატისტული ძალების ლიდერები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში რეფერენდუმები გაიმართება, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობა გამოხატავს სურვილს იმის შესახებ, რომ რეგიონი რუსეთის ნაწილი გახდეს.

XS
SM
MD
LG