ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგარიში: გაერო ზაპორიჟიეში უსაფრთხო ბირთვული ზონის შექმნას ითხოვს


გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტის შემდეგ, უკრაინულ ობიექტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ანგარიში წარმოადგინა. უკრაინაში ბირთვული უვნებლობისა და უსაფრთხოების შესახებ ანგარიში 6 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიში ბირთვული უვნებლობის და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების დასაცავად, დაუყოვნებლივ ითხოვს სპეციალური ზონის შექმნას. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამ თემაზე უკვე ესაუბრა გაეროს უშიშიშროების საბჭოს და თქვა, რომ უსაფრთხოების დამცავი ზონის შექმნა აუცილებელია, რათა ელექტროსადგურის ფიზიკური დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი.

რაფაელ გროსის გუნდი უკრაინაში 1 სექტემბერს ჩავიდა და ომში მყოფ ქვეყანაში რამდენიმე დღე დაჰყო. გაეროს ექსპერტებმა ბირთვული ობიექტისთვის მიყენებული ზარალი და შესაბამისი რისკები შეისწავლეს. ასევე, ინსპექტორების ჯგუფმა შეამოწმა უკრაინელი პერსონალის სამუშაო პირობები ელექტროსადგურში, რომელსაც მარტიდან რუსული ძალები აკონტროლებენ.

რუსეთი და უკრაინა ბირთვული ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამ თავდასხმებმა საერთაშორისო მასშტაბის შეშფოთება წარმოშვა ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური უდიდესია ევროპის კონტინენტზე.

ინსპექტორების ჯგუფის ორი წევრი ზაპორიჟიეში დარჩა სიტუაციაზე დასაკვირვებლად და დამატებითი შეფასების მოსამზადებლად.

XS
SM
MD
LG