ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცროს


რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრება იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

კონფიდენციალურ წყაროზე დაწყრდნობით სხვადასხვა მედიაგამოცემა წერს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, პრაღაში შეთანხმდებიან რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გამკაცრების შესახებ.

კონფიცენციალური წყაროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით შეჩერდება მოქმედი წესი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ და გაიზრდება ვიზის გადასახადიც. რაც ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები 35 ევროს ნაცვლად ვიზისთვის 80 ევროს გადაიხდიან. გაიზრდება პროცესისთვის საჭირო დროც, თუმცა კონკრეტულ ვადებზე კონფიდენციალურ წყაროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგი ალბათ იქნება, სანქციების გაფართოვება, რომელიც ვიზებსაც მოიცავს,“- ამბობს კონფიდენციალური წყარო ევროკავშირიდან, სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 30-31 აგვისტოს გაიმართება, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტურისტული ვიზების გაცემის წესის გამკაცრების შესახებ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთიანი პოზიცია ან შეთანხმება ჯერ არ აქვთ.

ძირითადად კი ამ პრაქტიკას ბოლო 6 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა, ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნები იყენებენ.

პრაღაში გაიმართება ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, სადაც მთავარი სასაუბრო საკითხი უკრაინაში რუსეთის ომი იქნება. არსებული ინფორმაციით შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო სასწავლო მისიის შექმნის ვარიანტები.

ეს საკითხი ბოლო თვეების განმავლობაში გახდა აქტუალური, მას შემდეგ რაც უკრაინელი სამხედროები წვრთნებს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში გადიან და იღებენ ცოდნას, როგორ გამოიყენონ დასავლური სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ისინი დასავლეთის ქვეყნებისგან რუსეთთან ომის წინააღმდეგ იღებენ.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, სად განთავსდება სასწავლო ცენტრი ან რა მანდატი ექნება მას.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG