მმართველი პარტია „ქართული ოცნებისგან“ ფორმალურად დისტანცირებული დეპუტატები, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე - აშშ-სა და ევროკავშირზე ღია თავდასხმას განაგრძობენ. ექსპერტების აზრით, ეს კამპანია „ქართული ოცნების“ არაფორმალურ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
მთავარი სამიზნე ისევ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანია, რომელსაც "გადგომილები", მიზანმიმართულად „საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში“ ადანაშაულებენ. კელი დეგნანი ხელოვნურად შექმნილ ნარატივს „100%-ით რუსულ დეზინფორმაციად“ აფასებს.
"ამის წარმოდგენა წინა წლებში, რომ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ან დეპუტატები დაიწყებდნენ ღია თავდასხმას, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, შეუძლებელი იქნებოდა. არა მგონია, რომ ამ დაპირისპირებამ საქართველოსთვის რაიმე კარგი შედეგი გამოიღოს"ედუარდ მარიკაშვილი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
შეტევა ახალი ძალით განახლდა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია და ღია წერილით დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს, „მისივე თხოვნით“, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს შეხვდა და სამი საათი ისაუბრეს.
ქართული ოცნებისგან „გადგომილები“, ახლა ითხოვენ პასუხს კითხვაზე - რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და დეგნანმა სამი საათი, "ხომ არ აშანტაჟებდა ელჩი ივანიშვილს"?
„ეს ანტიდასავლური კამპანია არის წარმოუდგენელი მოვლენა, ამის წარმოდგენა წინა წლებში, რომ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ან დეპუტატები დაიწყებდნენ ღია თავდასხმას, ერთ-ერთ, ყველაზე სანდრო პარტნიორზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, შეუძლებელი იქნებოდა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელმა, იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა.
მისი თქმით, „ეს არის კავშირში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან. ივანიშვილის აღქმა არის, რომ დასავლეთი მოქმედებს მისი, როგორც ოლიგარქის წინააღმდეგ. არა მგონია, რომ ამ დაპირისპირებამ საქართველოსთვის რაიმე კარგი შედეგი გამოიღოს.
ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს თავდასხმები, შეიძლება იყოს გარკვეული დაცვითი მექანიზმი ივანიშვილისთვის, რომლისთვისაც ახლა უპირველესია საკუთარი ინტერესების და ქონების დაცვა და არა ქვეყნის ინტერესები“ - მიაჩნია მარიკაშვილს.
„ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გამძვინვარებული ანტიდასავლური პროპაგანდის უკან ის დგას და ასევე ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით“გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ყოფილი პრემიერი, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრი გიორგი გახარია, რომელმაც თანამდებობა 2021 წლის თებერვალში დატოვა.
„ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გამძვინვარებული ანტიდასავლური პროპაგანდის უკან ის დგას და ასევე ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით საკუთარი ინტერესებისთვის“ - ეს განცხადება გახარიამ „ტვიტერით“ გაავრცელა.
რა არის ივანიშვილის ამოცანა? საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორის ცვლილება - დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ? დასავლეთთან "ვაჭრობა" და გარანტიების მიღება, რომ მის არაოფიციალურ მმართველობას და დასავლეთის ბანკებში დაგროვილ ფინანსებს ვერავინ შეეხოს? აქვს თუ არა ივანიშვილს და მმართველ ძალა იმის რესურსი რო ქვეყნის საგარეო ვექტორი 360 გრადუსით შემოაბრუნონ?
„ქართული ოცნების“ სტრატეგია ყოველთვის არის, რომ საზოგადოება შეაჩვიოს რაღაცას ნელ-ნელა, ევოლუციურად, ამიტომ მათ არ აწყობთ, დღეს ამ საკითხის ასე ხისტად დაყენება, ევროკავშირი თუ რუსეთი? მათ ამის უნარი არ შესწევთ“ - ამბობს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა, GIPA-ს პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებსა და შედარებით პოლიტიკაში.
"დღეს ამ საკითხის ასე ხისტად დაყენება, ევროკავშირი თუ რუსეთი? მათ ამის უნარი არ შესწევთ. აქედან გამომდინარე, „ოცნებამ“ ერთი ხელის მოსმით რო თქვას, რო შევდივართ ОДКБ-ში ამას ვერ შეძლებენ"ბაკურ კვაშილავა, პოლიტოლოგი, ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი
კვაშილავას მიაჩნია, რომ „ოცნებას“ ამის საშუალებას, არც თავიანთი პოლიტიკა აძლევს, რაც აქამდე გაუტარებიათ. „ის რითაც ამაყობენ, რომ „ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას“, „ჩვენ ვართ ის ძალა, ვის დროსაც მოხდა ვიზალიბერალიზაცია“, „ჩვენ დროს დაიწყო ეს უპრეცედენტო ინტეგრაცია“, აქედან გამომდინარე, „ოცნებამ“ ერთი ხელის მოსმით რო თქვას, რომ შევდივართ ОДКБ-ში (რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია"), ამას ვერ შეძლებენ.
ოცნების სტრატეგიული მიზანი მე არ მჯერა, რომ ეს არის რუსეთთან ან ОДКБ-ში ინტეგრაცია. ეს არის მათთვის, ალბათ, ყველაზე ცუდი არჩევანი. თუმცა, არა უარესი. მათთვის ყველაზე უარესი, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს არის ეჭვქვეშ დაყენება გარანტირებული გამარჯვების 2024 წლის არჩევნებზე. ან ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში. ეს არის სწორედ მათი ტრაგედია, რომ შეუძლიათ საგარეო-პოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს შესწირონ მათი ხელისუფლებაში დარჩენის ალბათობის გაზრდა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ კვაშილავამ.
„უახლოეს პერიოდში, საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორის შემობრუნება და ევრაზიური ინტეგრაციის პროცესების დაწყება, იგივე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების სივრცეში, არის ნაკლებად მოსალოდნელი“ - მიაჩნია სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარს გიორგი გობრონიძეს.
მისი თქმით, ეს ვერ მოხდება იმიტომაც, რომ „პირველ რიგში, საქართველო, როგორც სახელმწიფო შეკრულია საერთაშორისო ვალდებულებებით და მას შებოჭილი აქვს სივრცე საგარეო პოლიტიკური მანევრისთვის, რომ აქეთკენ წავიდეს; და, მეორე - ეს იქნება ცალსახად დამღუპველი ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
გამომდინარე იქედან, რომ შეუძლებელია ააშენო პარტნიორული ურთიერთობები სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან არათუ სამშვიდობო ხელშეკრულება არ აქვს დადებული, არამედ, არის ავტორი ჩვენს ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებული სამი ეთნიკური წმენდისა.
შეუძლებელია ააშენო პარტნიორული ურთიერთობები რუსეთთან, რომელსაც საქართველოსთან არათუ სამშვიდო ხელშეკრულება არ აქვს დადებული, არამედ, არის აღიარებული ჩვენს ტერიტორიაზე სამი ეთნიკური წმენდისა, ეწევა განგძობად ოკუპაციას,გიორგი გობრონიძე, პოლიტოლოგი, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
რუსეთი ეწევა განგძობად ოკუპაციას, შექმნილი აქვს ეთნოკრატიული რეჟიმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკური ქართველები აპარტეიდის ქვეშ ცხოვრობენ. გამორიცხვა ბუნებრივია არაფრის შეიძლება, მაგრამ ამ ფონზე, გეოპოლიტიკური ვექტორის ასეთი შემოტრიალება ძალიან რთული იქნება“ - ამბობს "ამერიკის ხმასთან" გობრონიძე.
„გამოყოფილების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ სოზარ სუბარის განცხადებით, ამ კითხვებზე პასუხი, "ნათელს" მოჰფენს „ცდილობდა თუ არა ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას საქართველოს ომში ჩართვის მიზნით“ და ხომ არ გამოიყენებოდა, დასავლეთის ბანკებში ივანიშვილის კუთვნილი ფინანსები, მის საწინააღმდეგოდ, შანტაჟისთვის.
„ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც დგას არაღიარების პოლიტიკა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ინტერესი"პარლამენტის ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი ქალის განცხადებიდან
„ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, რისი შედეგიცაა განგრძობითი ოკუპაცია, ასიათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში, რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების მილიტარიზაცია და ანექსიური პროცესები. რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარეობს რუსული ჰიბირიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით.
აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც ძირითადად დგას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ინტერესი, ისევე, როგორც ქვეყნის დემოკრატიის და კეთილდღეობის განვითარება და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა“ - ნათქვანია განცხადებაში.