ორშაბათს, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა. შეთანხმების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის უნდა განახლებულიყო მოლაპარაკება, რომელიც ირანის ატომურ პროგრამას შეზღუდავდა, სანაცვლოდ კი ქვეყანას სანქციები მოეხსნებოდა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ კანანიმ განაცხადა, რომ ამერიკა „აჭიანურებს“ ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მოლაპარაკების ტექსტზე პასუხის გაცემას.
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ირანის მხარის პასუხს მათ მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებაზე გასული კვირიდან განიხილავენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ პასუხის განხილვა „გრძელდება“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული შეთანხმება 2018 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დატოვა. მაშინდელი პრეზიდენტი ამბობდა, რომ შეთანხმება მხოლოდ ირანს აძლევდა ხელს.
ირანმა 2018 წელს, ამერიკის გადაწყვეტილებას და ახალი სანქციების დაწესებას შეთანხმების დარღვევით უპასუხა. თეირანმა ურანით გამდიდრების შეთანხმებულ რაოდენობას გადააჭარბა და ამას გარდა, ატომურ სადგურებზე დამატებით დაამონტაჟა მაღალგანვითარებული ცენტრიფუგები.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან ბორის ჯონსონთან და გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. დასავლეთის ლიდერებმა "განიხილეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებები. საუბარი შეეხებოდა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და ერთობლივი ძალისხმევით, ირანის მადესტაბილიზებელი რეგიონული აქტივობების შეკავებას და შეზღუდვას“.