ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი აშშ-ს: ბირთვულ იარაღზე ახალი შეთანხმების მიღების ვადა იწურება


სამშაბათს კრემლმა შეერთებულ შტატებს უთხრა, რომ ბირთვული შეიარაღების შემცირების შეთანხმების, „ახალი სტარტის“ ჩასანაცვლებელი მოლაპარაკებებისთვის საჭირო დრო იწურება და 2026 წელს, როდესაც მას ვადა გაუვა, ახალი შეთანხმების გარეშე გლობალური უსაფრთხოება დასუსტდება.

„ახალი სტარტის“ შეთანხმება, რომელიც 2011 წელს შედგა, აშშ-ს და რუსეთს ავალდებულებს შეზღუდოს [საბრძოლო მზადყოფნაში] განლაგებული საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღისთვის აღჭურვილი მძიმე ბომბდამშენების რაოდენობა.

შეთანხმება ასევე ზღუდავს ბირთვული ქობინების რაოდენობას მზადყოფნაში განლაგებულ რაკეტებში, ბომბდამშენებში და რაკეტების გამშვებებში. ორივე მხარემ შეთანხმების ცენტრალურ ზღვრებს 2018 წლის 5 თებერვალს მიაღწია და მისი მოქმედების ვადა 2026 წლის 4 თებერვლამდე გაგრძელდა.

გასულ წელს, „ახალი სტარტის“ განახლება, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდა და სავარაუდოდ, ახალი შეთანხმება ხანგრძლივ მოლაპარაკებებს და რატიფიკაციის პროცესს მოითხოვს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის ახალ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე „სწრაფად“ მოილაპარაკოს, რათა „ახალი სტარტი“ ჩაანაცვლოს, მაგრამ მოსკოვმა უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის ვაშინგტონთან ბირთვული იარაღის კონტროლზე მუშაობა განაახლოს.

XS
SM
MD
LG