ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ამერიკის ელჩის კრიტიკას პასუხობენ


AFP - 24 ივნისი, 2019
AFP - 24 ივნისი, 2019

ეს არის ისეთი ხელისუფლების ნიშანი, რომელიც თავს გასაჭირში, საფრთხეში გრძნობს და რომელიც არც ისე ბრძენია“, - ასე აფასებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიისგან ცოტა ხნის წინ გამოყოფილი წევრების მიერ ამერიკის ელჩისა და დასავლელი დიპლომატების მიმართ კრიტიკის ნაკადს ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ჯონ ჰერბსტი. ვაშინგტონში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეწყვიტოს ამერიკის ელჩის კრიტიკა და პოლიტიკური ოპონენტების დასუსტების მცდელობის პარალელურად, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი შეუქცევადად არ დააზიანოს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. მისი თქმით, „ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. „ქართულმა ოცნებამ“ კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი“.

„ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. „ქართულმა ოცნებამ“ კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი",
- დევიდ კრამერი

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მმართველი გუნდისა და მისგან სულ ცოტა ხნის წინ გამოყოფილი დეპუტატების მხრიდან ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გაისმა. ელჩს რამდენჯერმე მოუხდა იმის განმარტება, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე ან ამის მსურველი ძალების მხარდაჭერაზე საუბარი სრულიად აბსურდულია. დეგნანმა მის მიმართ კრიტიკულ წერილს ტყუილებითა და კონსპირაციებით სავსე“ უწოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეგნანის პასუხი შეაფასა და თქვა, რომ ელჩის რეაქცია „დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი“ იყო. დეგნანმა ამ „პასუხის პასუხის“ შემდეგ, საქართველოს მთავრობას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

„ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას. ამავე დროს, ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას“, - ამბობს კრამერი. მისი აზრით, ამერიკის ელჩსა და დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნება“ ამ დრომდეც აკრიტიკებდა, თუმცა ახლა როგორც ჩანს, „რიტორიკა მძიმდება“.

დევიდ კრამერი
დევიდ კრამერი

„ვფიქრობ ეს ასახავს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელიც ნამდვილად ფსკერს აღწევს. მე მაწუხებს ის, რომ „ქართული ოცნების ოფიციალური“ პირები ვერ აანალიზებენ, რომ ამერიკა მათი საუკეთესო მეგობარია და ამერიკის ელჩზე თავდასხმა ერთდროულად ძალიან შეუფერებელი საქციელიცაა და ძალიან არაგონივრულიც“, - მიიჩნევს კრამერი. მისივე აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ბევრი მისი ქმედება ბოლო დროს არასწორი მიმართულებით ვითარდება და პრობლემები არა ამერიკის ელჩში, დასავლელ ანალიტიკოსებში ან სხვებში უნდა ეძიოს, არამედ მიხვდეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ბევრი უცხოელი მეგობრის შეშფოთებას გამოხატავს.

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორის, ჯონ ჰერბსტის აზრით კი, შეერთებული შტატების ელჩის თუ სხვა „კრიტიკოსთა კრიტიკა“ „საუბრის თემის შეცვლის მცდელობა“ და ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის კუთხით წარუმატებლობის გადაფარვისა და გადაბრალების მცდელობაა.

„რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედი და პარტიიდან ცოტა ხნის წინ წასული წევრები ჩვენს ელჩს და ჩვენს მთავრობას აკრიტიკებენ, არის ნათელი მცდელობა იმისა, რომ შეცვალონ თემა და როგორღაც უთხრან ქართველ ხალხს: ნუ იქნებით ჩვენზე გაბრაზებულნი იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრობის ეს შანსი არ შემოგვთავაზეს, გაბრაზდით იმის გამო, რომ უცხო ძალები ომში ჩვენს ჩართვას ცდილობენ. ეს ერთდროულად სასაცილოცაა, სკანდალურიც და სევდიანიც“, - ამბობს ჰერბსტი, რომელიც თავად იყო ამერიკის ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში.

ამერიკაში ბევრია შეწუხებული ერთპარტიული მმართველობისკენ სვლის ტენდენციით, ოპოზიციის დემონიზაციისა და სრული მარგინალიზაციისკენ მიმართული ქმედებებით. უპრეცედენტოა შეთანხმებების დარღვევისა და საქართველოს მეგობრების შეურაცხყოფის უწყვეტი ნაკადი",
- იან კელი

მოვლენების განვითარების მიმართულება აწუხებს ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოსა და ეუთოში, იან კელისაც: „ეს სრული სიცრუეა. შეუძლებელია ამერიკა ან ამერიკის ელჩი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას. ამასთან, ესაა უფრო ფართო ტენდენციის თუ კამპანიის ნაწილიც კი, რომელიც გულისხმობს - დასავლეთისთვის ხელის კვრას; ისეთი გზით, როგორიც ე.წ. „პერსონაჟის მკვლელობა“, მისი რეპუტაციის დაზიანებაა - ელჩი დეგნანისა და სხვა ევროპელი დიპლომატების მიმართ. ასევე იმ კუთხით, რომ არ სრულდება ის შეთანხმებები და დაპირებები, რომლებიც საქართველომ დასავლურ ქვეყნებთან წლების წინ ან ახლახან გააფორმა და კონკრეტული რეფორმების გატარებას შეეხება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მეგობარი ამერიკასა და ევროპაში ძალიან შეშფოთებულია ამ ტენდენციებით“, - ამბობს კელი.

ყოფილი ელჩი და ახლა „ნორთ უესტერნის უნივერსიტეტის“ პროფესორი განმარტავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მცოდნეებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდირების და ერთპარტიული მმართველობის გაძლიერების მცდელობა არ უკვირთ, რადგან ეს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ბევრჯერ უნახავთ, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პერიოდშიც. თუმცა მისი აზრით, ახლა ყველაზე უპრეცედენტო - კეთილისმსურველების შეურაცხყოფის უწყვეტი ტენდენციაა.

„ამერიკაში ბევრია შეწუხებული ერთპარტიული მმართველობისკენ სვლის ტენდენციით, ოპოზიციის დემონიზაციისა და სრული მარგინალიზაციისკენ მიმართული ქმედებებით. უპრეცედენტოა შეთანხმებების დარღვევისა და საქართველოს მეგობრების შეურაცხყოფის უწყვეტი ნაკადი. კელი დეგნანი კი, რა თქმა უნდა, საქართველოს მეგობარია, ისევე როგორც მე, და ბევრი ადამიანი სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის დეპარტამენტში თუ კაპიტოლიუმში. ჩვენ, ყველა, შეშფოთებულები და დაბნეულები ვართ, ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება. ამას ექნება გავლენა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე“, - ამბობს კელი.

ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ დასავლეთს რუსეთის აგრესიული იმპერიალისტური მიზნების შესახებ ილუზიები აღარ აქვს და პრო-დასავლურად განწყობილი ქვეყნების მაქსიმალურ მხარდაჭერას ცდილობს. ამ ფონზე, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ერთ დროს რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოწინავე საქართველო, უკანა რიგებში აღმოჩნდა და „ისე გამოიყურება, თითქოს ის მართლაც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ არ იყოს რეფორმისტულ გზაზე და ხელს კრავს დასავლეთს“.

რას ნიშნავს ელჩის კრიტიკა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის და საქართველოს დასავლური მომავლისთვის?

ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ნებისმიერი მეთოდით გამკლავება მმართველი ძალისთვის პრიორიტეტია და შეცდომებიც დემოკრატიის გზაზე სწორედ ყველაზე მეტად პოლიტიკური ოპონენტების დასუსტების მცდელობითაა განპირობებული. „შეცდომების აღიარების ნაცვლად, ისინი ეძებენ გზებს, როგორ დაიცვან თავი ქართველი ამომრჩევლის უკმაყოფილებისგან“. მისი აზრით, ომის თავიდან არიდებაზე საუბარში ცუდი თავისთავად არაფერი იქნებოდა, რომ არა პარალელურად მიმდინარე - დასავლური მისწრაფებების ძირგამომთხრელი ნაბიჯები. მისი აზრით, ამერიკა-საქართველოს მეგობრობა, ქვეყნის პროდასავლური მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჰერბსტი ფიქრობს, რომ დემოკრატიულ გზაზე შეცდომების უმთავრესი მიზეზი კვლავ შიდა პოლიტიკურ სისუსტესა და შიშებში უნდა ვეძიოთ.

„მათ ეშინიათ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების და მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია, გაუმკლავდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს ნებისმიერი იმ გზით, რომელსაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ. ეს შეცდომაა, მცდარი [მიდგომაა], რადგან ეს [მმართველობის] არადემოკრატიული და ავტორიტარული სტილია. და ეს ასევე შეცდომაა იმის გამო, რომ ეს ძირს უთხრის მათ საგარეო მიზნებს“, - მიიჩნევს ჰერბსტი. ყოფილი დიპლომატი არადემოკრატიულ ქმედებებში ყოფილ ხელისუფლებას და ახლა უდიდეს ოპოზიციურ პარტიასაც ადანაშაულებს, თუმცა ამბობს, რომ პასუხისმგებლობა დღევანდელ პრობლემებზე პრინციპულად მმართველ ძალას და მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. მით უფრო, რომ ბოლო წლებში აშკარა იყო ოპონენტების დასუსტების თანმიმდევრული ნაბიჯები - მათ შორის არადემოკრატიული საშუალებებითაც.

„მათ ეშინიათ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების და მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია, გაუმკლავდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს ნებისმიერი იმ გზით, რომელსაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ",
- ჯონ ჰერბსტი

ამერიკის ელჩის კრიტიკას გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და თქვა, რომ ძალიან წუხს ამგვარი განცხადებების გამო. მისი თქმით, კრიტიკის ფორმა არასწორია და თუ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ შესახებ მთავრობა ელჩს არა მედიის საშუალებით, არამედ - პირადად უნდა ესაუბროს. „ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. თავად კელი დეგნანი კი ამბობს, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისადმი ურყევია და შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი სხვა ქვეყნებში არ გადავიდეს, იქნება ეს საქართველო თუ - სხვა. „ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, რომ ის გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ჩვენ კარგი პარტნიორობა გვაქვს წლების განმავლობაში იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიაა ქვეყნის სათავეში. მე, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ვახორციელებ ამერიკის საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

დამაჯერებელია თუ არაგამოყოფილი დეპუტატებისდამოუკიდებელი დღის წესრიგი?

საქართველოს მთავრობა „მოქალაქეებისთვის სიმართლის თქმის“ მოტივით მხოლოდ ეროვნული პარლამენტის წევრებს არ დაუტოვებიათ. „ტრიოს“ (მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე) გაფართოებულ რიგებს შეუერთდნენ ადგილობრივი დეპუტატები რეგიონებიდანაც. ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ყოფილი წევრების შეფასებები „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მოსაზრებებისგან არც ისე შორსაა, და თავად ერთ-ერთი „გამოყოფილის“, მიხეილ ყაველაშვილის რიტორიკაშიც „არ იგრძნობდა, რომ ის რეალურად ჩამოშორდა პარტიას“.

ვაშინგტონში არ სჯერათ, რომ ეს დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესია და ამბობენ, რომ ეს პოლიტიკოსებიც ძირითადად მმართველი გუნდის მოსაზრებებს აჟღერებენ: „თუკი მმართველ პარტიას ჰგონია, რომ მათგან გამოყოფილი ამ პარლამენტარების ყოლა მათ რაღაცნაირად უფრო იმუნურს, დაცულს გახდის დასავლეთის კრიტიკისგან მაშინ, როცა ისინი დასავლეთისა და დასავლელი დიპლომატების შესახებ ტყუილებს ავრცელებენ, ისინი ძალიან ცდებიან. ეს მკაფიოდ უარყოფითი [პროცესია]. მმართველი პარტიის ფრაქციის შექმნა, არ მგონია, რომ ვინმეს გაასულელებს. ეს ერთგვარი სიტემური, [სისტემის შიგნით არსებული] კონტროლირებული ოპოზიციის შექმნის მცდელობას უფრო ჰგავს, რაც რეგონის სხვა ქვეყნებში უკვე გვინახავს და ძალიან, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ მსგავსი ტაქტიკის გამოყენებას საქართველოშიც ვხედავ“, - ამბობს ყოფილი ელჩი იან კელი.

დეპუტატების მიერ დამოუკიდებელი მოტივაციის შესახებ კითხვები აქვს ჯონ ჰერბსტსაც. მისი აზრით, არ არის ბევრი „პატიოსანი უცხოელი დამკვირვებელი, ვისაც სჯერა, რომ „ტრიომ“ და დანარჩენებმა შეწყვიტეს „ოცნებასთან“ თანამშრომლობა: „თუკი ისინი მართლაც დამოუკიდებელი აქტორები არიან, მაშინ მოსალოდნელი იქნებოდა, რომ „ქართული ოცნების“ წამყვანი პირები მათ საჯაროდ გააკრიტიკებდნენ საქართველოს საუკეთესო მეგობარზე თავდასხმის, საქართველოს მთავრობის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირის კრიტიკის გამო. მე, როგორც ყოფილ ამერიკელ დიპლომატს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, ამის მოლოდინი მექნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი, კვლავ „ქართული ოცნების“ წევრებთან ტანდემში არ მოქმედებენ“, - ამბობს ჰერბსტი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

თუკი მმართველ პარტიას ჰგონია, რომ მათგან გამოყოფილი ამ პარლამენტარების ყოლა მათ უფრო იმუნურს გახდის დასავლეთის კრიტიკისგან მაშინ, როცა ისინი დასავლელი დიპლომატების შესახებ ტყუილებს ავრცელებენ, ისინი ძალიან ცდებიან",
- იან კელი

„ქართული ოცნება“ უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას მისი წევრების ან ყოფილი წევრების განცხადებების ანტიდასავლურობის თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ, ამგვარ ბრალდებებს „სასაცილო და არასერიოზული“ უწოდა:

„არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის ამ ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან, არ არის და სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს თუ ზოგიერთ სამოქალაქო აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რამდენად მოსალოდნელია ამ ვითარებაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცესის წარმართვა?

იან კელი ამბობს, რომ საქართველოს დასავლურ მომავალთან დაკავშირებით მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქართველ ხალხს სურს იყოს არა რუსული სამყაროს, არამედ - დასავლეთის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ხელისუფლების წევრები რეალურად საუკეთესო მეგობრებს ხელს კრავენ. ჯონ ჰერბსტი კი ამბობს, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმების შეწყვეტა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო ნაბიჯები ერთ კონტექსტში უნდა იყოს განხილული, რადგან ეს ყველაფერი ერთი დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილია.

„ჩემი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისთვის ასეთი იქნებოდა: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ თავდასხმა ამერიკის ელჩზე და დაიწყეთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელთა განხორციელებაც ევროკავშირმა გირჩიათ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოთ. ვფიქრობ, ეს ორი რამ შეიძლება მხოლოდ ერთობლივად მოხდეს: ან ერთობლივად გათვალისწინებული იქნება, ან ერთობლივად უგულებელყოფილი. თუკი „ქართული ოცნების“ „ყოფილი“ წამყვანი და ახლანდელი წევრები განაგრძობენ ამერიკის კრიტიკას, ვეჭვობ, ვერც იმ ნაბიჯებს ვნახავთ, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG