ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 გარდაცვლილი - ჩიკაგოში 4 ივლისის აღლუმს სახურავიდან ესროდნენ


ექვსი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა ორშაბათს ჩიკაგოს პრესტიჟულ გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, ოთხი ივლისის აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად. თავდამსხმელი შენობის სახურავიდან ისროდა. 4 ივლისს ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ოფიციალურმა პირებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ექვსი ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 24 კი - საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს იარაღიც. "სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ ეჭვმიტანილს; ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი", - იტყობინება ჰაილენდ პარკის ადმინისტრაცია თავის ვებსაიტზე.

”ადგილზე ბევრი სამართალდამცავია მობილიზებული და ჰაილენდ პარკის ცენტრში პერიმეტრს იცავს“ , - ნათქვამია განცხადებაში. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და იძებნება. პოლიცია ჰაილენდ პარკის მაცხოვრებლებს მოუწოდებს სახლში დარჩნენ.

ამ სროლამდე ამერიკაში მასობრივი მკვლელობა მოხდა 24 მაისს ტეხასში, ქალაქ უვალდეს სკოლაში. სკოლაზე თავდასხმას სკოლის 19 მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა. ხოლო 14 მაისს 10 ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში მომხდარი სროლის შედეგად.

XS
SM
MD
LG