ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიცია: დანიის სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლა "ტერაქტი" არ იყო


ორშაბათს, დანიის პოლიციამ განაცხადა, რომ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, არსებული სამხილების საფუძველზე არ შეიძლება „ტერორისტულ აქტად“ განიხილებოდეს.

22 წლის დანიელი მამაკაცი მალევე დააკავეს. მას მოსამართლის წინაშე ჰკითხავენ. პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა სორენ ტომასენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ეჭვმიტანილი სხვებთან ერთად მოქმედებდა.

„ამ დროისთვის არსებული ჩვენი შეფასებით, მსხვერპლი შემთხვევითი ადამიანები გახდნენ“, თქვა პოლიციის ინსპექტორმა.

ინციდენტმა თავზარი დასცა დანიას, რომელიც „ტურ დე ფრანსის“ ველორბოლის პირველ სამ ეტაპს მასპინძლობს და მთელ ქვეყანაში ასობით ათასი დანიელი ქუჩებში იყო გასული.

ეჭვმიტანილმა 17 წლის ქალი და ამავე ასაკის მამაკაცი, და ასევე დანიაში მცხოვრები 47 წლის რუსი მოქალაქე მოკლა. კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის შვედეთის ორი მოქალაქეა, 50 წლის მამაკაცი და 16 წლის ქალი. დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილიდან გაქცევის დროს ბევრი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა არა ტყვიით.

ეჭვმიტანილის, პოლიციის თქმით, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და დანიაში ფსიქიატრების ყურადღების ქვეშ იყო. მას დაპატიმრების დროს თან შაშხანა, ვაზნები და დანა ჰქონდა.

დანიაში იარაღის შესახებ მკაცრი კანონებია და ყველა იარაღს, ზოგიერთი სანადირო შაშხანის გარდა, პოლიციის მიერ გაცემული ლიცენზია სჭირდება. პოლიციამ თქვა, რომ ეჭვმიტანილის მიერ გამოყენებული იარაღი ლეგალური იყო, მაგრამ მას ლიცენზია არ ჰქონდა.

XS
SM
MD
LG