საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს იმ ვარაუდებზე, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მათგან სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას არ ითხოვს.
"არც ერთხელ უკრაინის პრეზიდენტს არ გამოუთქვამს სურვილი და მე ვვარაუდობ ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ, დღემდე საუბარი იყო, თითქმის არ დარჩა ევროპის ქვეყანა, სადაც პარლამენტში არ გამოსულა ან არ მიუმართავს უკრაინის პრეზიდენტს. არათუ თითქმის, არამედ ევროპაში არ არის არცერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი.
ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ მიუხედავად საქართველოს და ქართველი ხალხის თანადგომისა ბევრი მიმართულებით – პოლიტიკური, ჰუმანიტარული, მათ შორის ლტოლვილებზე ზრუნვის, სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნის – საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, საიდანაც ელჩი ჰყავს გაწვეული უკრაინის ხელისუფლებას. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი იმ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს, რომლის მიმართაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული.
განსაკუთრებით ოპოზიციას მივმართავ, რომელიც საკუთარ თავზე იღებს უკრაინის პრეზიდენტის სახელით საუბარს - მე მოგიწოდებთ, პირიქით მიმართოთ ეს ძალისხმევა, უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომ დააბრუნონ საქართველოში ელჩი", - თქვა პაპუაშვილმა საპარლამენტო მოხსენების დროს, როცა ის დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, 17 მარტს, პარლამენტის ტრიბუნიდან "ლელომ" გააჟღერა ინიციატივა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისთვის მიეწვიათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ამ ინიციატივას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, იწონებდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, "გირჩი" და "საქართველოსთვის". საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის ეს წინადადება არ გაიზიარა.
ომის დაწყების შემდეგ ზელენსკიმ მიმართა არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა არა საქართველოს პარლამენტს. ამის გამო კრიტიკა ისმოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც.
Facebook Forum