ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს სხდომა შარლ მიშელის გამოსვლისას დატოვა


რუსეთის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვასილი ნებენზია ორშაბათს უშიშროების საბჭოს შეხვედრიდან გავიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 15-წევრიან საბჭოს მიმართა და მოსკოვი უკრაინაში შეჭრით მსოფლიოში სურსათის კრიზისის გამწვავებაში დაადანაშაულა.

შარლ მიშელმა რუს სამხედროებს ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაშიც დასდო ბრალი, ისაუბრა სექსუალურ ძალადობაზეც და თქვა რომ ეს წამების, ტერორისა და შევიწროვების ტაქტიკაა.

რუსეთის წარმომადგენელმა საკუთარი გამოსვლისას რუსი სამხედროების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ნებისმიერი ბრალდება უარყო. შარლ მიშელის გამოსვლისას კი შეხვედრა დატოვა და თქვა, რომ ვერ დარჩებოდა შეხვედრაზე იმ "ტყუილების გამო, რომელთაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი ავრცელებს".

თუმცა მიშელმა მას დარბაზის დატოვებისას პირადად მიმართა და უთხრა: "თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ოთახი, შესაძლოა უფრო ადვილია, რომ სიმართლეს არ მოუსმინოთ."

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთი შეჭრის შედეგად მსოფლიოში სურსათის კრიზისი გამწვავდა. ფასები მარცვლეულზე, ზეთზე, საწვავსა და სასუქზე სულ უფრო და უფრო იზრდება. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს ხორბლის თითქმის მესამედს აწვდის. რუსეთი სასუქის მნიშვნელოვანი ექსპორტიორია, უკრაინა კი - სიმინდის მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის.

"რუსეთის ფედერაციის ბატონო ელჩო, მოდით, პატიოსნად ვთქვათ, კრემლი სურსათის მარაგებს საიდუმლო იარაღად იყენებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ. სურსათის კრიზისზე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი", - თქვა მიშელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინული სურსათის ექსპორტის და რუსეთიდან საკვებისა და სურსათის ექსპორტისთვის შეთანხმების მიღწევას ცდილობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოთხშაბათს თურქეთს უნდა ეწვიოს, განსახილველი თემა კი სწორედ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაა.

XS
SM
MD
LG