ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსი ოკუპანტები ჩვენს მარცვლეულს იპარავენ,“- უკრაინელი ფერმერი


უკრაინაში რუსეთის ომს ბევრი მიმართულებით აქვს უარყოფითი გავლენა, ერთ-ერთი მათგანი სურსათის გლობალურ მომარაგებას უკავშირდება. უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის დეფიციტია, თუმცა არა მხოლოდ მარცვლეულის.

თუ ვითარება არ გამოსწორდა და უკრაინამ მარცვლეულის ექპორტი არ დაიწყო, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს გავლენას იქონიებს ევროპის, აზიისა და განსაკუთრებით - აფრიკის კონტინენტზე.

რატომ ვერ ახერხებს უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს?

უკრაინის თითქმის ყველა დიდ პორტს ამ დროისთვის რუსული ჯარი აკონტროლებს, შესაბამისად კიევს არ აქვს საშუალება ამ პორტების მეშვეობით მარცვლეულის ექპორტი განახორციელოს.

30 პროცენტზე მეტი მიწის ფართობი დაუმუშავებელია
კის ჰუიზინგა

„ჯერ კიდევ შარშანდელი მოსავლის მესამედი ქვეყანაში რჩება, ზოგი ფერმებშია, ზოგიც პორტებში ინახება. მათი ექსპორტი ვერ ხდება. ერთადერთი, რაც ახლა გვჭირდება შავ ზღვარზე პორტების გახსნაა, რათა ჩვენ შევძლოთ ექსპორტზე მარცვლეულის გატანა. იმ პორტებით რომელსაც ახლა ოკუპანტები აკონტროლებენ, ჩვენი მარცვვლეულის 80-90 პროცენტის ექსპორტი ხდებოდა,“- ამბობს უკრაინელი ფერმერი კის ჰუიზინგა.

სააგენტო „ასოშეითედ პრესთან“ საუბრის დროს ფერმერი უკრაინიდან ამბობს, რომ გლობალურ ბაზარზე მხოლოდ მარცვლეულის დეფიციტი არ არის, დეფიციტია ლითონისა და სხვა სამრეწველო პროდუქტების მხრივაც, რომელთა ექსპორტიც უკრაინიდან ხდებოდა. ფერმერი ჰუიზინგა ამბობს, რომ თუ უკრაინა პორტებზე კონტროლს ვერ აღადგენს, არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ჩვენ უნდა გავყაროთ რუსები ჩვენი ტერიტორიებიდან, აღვადგინოთ კონტროლი შავ ზღვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის რომლებიც მარცვლეულს უკრაინისგან ყიდულობენ,“- ამბობს ფერმერი "ასოშეითიდ პრესთან" საუბრის დროს.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, იქ სადაც ახლა ფერმერები უნდა მუშაობდნენ ბომბები ცვივა და აქტიური საომარი მდგომარეობაა.

მას შემდეგ რაც რუსეთმა კიევის აღება ვერ შეძლო, დამარცხდა ხარკივისთვის ბრძოლაშიც და უკან დაიხია, მოსკოვმა მთელი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაზე გადაიტანა. ახლა რუსი სამხედროები ცდილობენ, უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებზე სრული კონტროლის მოპოვებას. ფერმერი ჰუიზინგა ამბობს, რომ ახლა იქ სადაც ფერმერები უნდა მუშაობდნენ, ბომბები ცვივა და აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. აღმოსავლეთ უკრაინა კი მარცვლეულის მოპოვების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა.

მიუხედავად საფრთხისა, უკრაინელ ფერმერთა ნაწილი ფრონტის წინა ხაზზე ჯავშან-ჟილეტებით მუშაობენ, თუმცა კის ჰაუზინგა ამბობს, რომ აშკარა რისკებთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს სხვა პრობლემებიც აქვთ.

ოკუპანტები ჩვენს მარცვლეულს იპარავენ
ამბობს უკრაინელი ფერმერი

„ფერმერთა ნაწილი მიწაზე მუშაობას აგრძელებს. ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით ტრაქტორებზე სხედან და ისე მუშაობენ. წარმოიდგინეთ ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით მიწაზე მუშაობენ. ერთ-ერთი ფერმერი ტრაქტორით ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა. გარდა უსაფრთხოების პრობლემებისა, საწვავის ნაკლებლობაცაა. ზოგიერთი ფერმერი მზად არის იმუშაოს, თუმცა საწვავი არ აქვთ და ამიტომ სამუშაოები შეჩერებულია,“- ამბობს ჰაუზინგა და ამატებს, რომ ამ ყველაფერთან ერთად, რუსი სამხედროები უკრაინელი ფერმერების მიერ მოპოვებულ მარცვლეულს იპარავენ.

„ოკუპანტები ჩვენს მარცვლეულს იპარავენ, უკანონოდ გააქვთ საწყობებიდან ტონობით მარცვლეული. როგორც ვიცი, პირდაპირ რუსეთში მიაქვთ,“- ამბობს ის.

სააგენტო „ასოშეითედ პრესთან“ საუბრის დროს უკრაინელი ფერმერი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებას გლობალურ ეკონომიკაზე მინიმუმ 3-წლიანი გავლენა ექნება და თუ რუსეთის ომი უკრაინაში გაგრძელდება, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ეს რაც ხდება, გავლენას წლობით მოახდენს. 2021 წლის მოსავალი ჯერ კიდევ საწყობებშია, შეიძლება ითქვას მარცვლეულის მესამედი ჯერ კიდევ უკრაინაშია. ახლა, 2022 წელს ჩვენ ჯერ ვერც მოსავალს ვიღებთ და ვერც ახლის დათესვას ვიწყებთ. 30 პროცენტზე მეტი მიწის ფართობი დაუმუშავებელია, შესაბამისად ამას 2023 წელსაც ექნება გავლენა. ეს იქნება კატასტროფა, თუ ვითარება არ შეიცვალა. უარყოფითი შედეგები შეიძლება უფრო გაიზარდოს და შემდეგ არათუ 3 წელზე, არამედ უფრო მეტზე ლაპარაკი მოგვიწიოს,“- ამბობს ფერმერი.

საკვები როგორც „იარაღი“

დასავლეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთი საკვებს, როგორც იარაღს ისე იყენებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ რუსეთს მსოფლიოს მარცვლეულის „მარაგი მძევლად ჰყავს აყვანილი“.

ეკონომისტები ამბობენ, რომ შესაძლოა კრემლი ამ გზით ცდილობდეს სანქციებზე პასუხის გაცემას.

კრემლში ამბობენ, რომ ეს სიცრუეა და სასურსათო კრიზისის შექმნაში თავად დასავლეთს ადანაშაულებენ. მეტიც, მოსკოვი ურჩევს კიევს, რომ მარცვლეულის ექსპორტი პოლონეთიდან რკინიგზის საშუალებით განახორციელოს. ოფიციალური მოსკოვი ამბობს, რომ უკრაინული პორტები, რომელთაც ახლა რუსული ჯარი აკონტროლებს, დანაღმულია თავად „უკრაინელების მიერ, რაც პორტების მუშაობას აფერხებს“.

ამ დროისთვის უკრაინას შავ ზღვაზე გასვლა მხოლოდ ოდესიდან შეუძლია. პორტი ამ დროისთვის კიევის კონტროლის ქვეშ არის, თუმცა ძირითადი პორტი მარიუპოლში რუსეთის მიერ კონტროლდება.

გაერო ამბობს, რომ სახეზეა სასურსათო კრიზისი და მის აღმოსაფხვრელად რუსეთთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მუშაობს. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს.

კიევში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ექსპორტი დაიწყონ, თუ რუსეთი მათ ამის საშუალებას მისცემს.

„რუსეთი აკონტროლებს შავ ზღვას, გემებს შემოსვლის და გასვლის საშუალებას არ აძლევენ. მათი სურვილია მთლიანად გააჩერონ ჩვენი ეკონომიკა და კავშირი შავ ზღვასთან,“- თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ავსტრალიულ ტელეარხთან საუბრის დროს.

უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში ხორბლის მარაგების თითქმის მესამედს აწარმოებენ. გარდა ამისა, უკრაინა სიმინდის, ქერის და მზესუმზირის ზეთის მსხვილი ექსპორტიორია. უკრაინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული 36 ქვეყანა, მათ შორის ყველაზე ღარიბი ქვეყნები, როგორიცაა ლიბანი, სირია, იემენი, სომალი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG