მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა სამსახურებმა ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის სახლი გაჩხრიკეს და 47 წლის პოლიტიკოსის დაკავების საკითხი სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება.
დოდონი 72 საათით დააკავეს, ეჭვის საფუძველზე, რომ მონაწილეობდა კორუფციასა და სახელმწიფო ღალატში, იღებდა უკანონო შემოსავლებს და კრიმინალური ორგანიზაციისგან პოლიტიკური დაფინანსებას. დოდონს პრეზიდენტის თანამდებობა 2016-2020 წლებში ეკავა.
მარიანა ჩერპესი, გენერალური პროკურატურის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ დოდონის სახლი მისი თანდასწრებით გაიჩხრიკა. სპიკერმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად დაკავებული არ არის.
"როდესაც ჩხრეკა დასრულდება, პროკურორები გადაწყვეტენ, უნდა დააპტიმრონ თუ არა ის", - თქვა პრეს-სპიკერმა გავრცელებულ ცნობებზე პასუხად, რომ დოდონი უკვე დაპატიმრებული იყო.
პრო-რუსი პოლიტიკოსის "სოციალისტური პარტიის" წევრებმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი უარყვეს და თქვეს, რომ ეს "იაფფასიანი შოუა", რათა ხელისუფლებამ საზოგადოების ყურადღება სიღარიბიდან და სოციალური საკითხებიდან ამგვარ საქმეებზე გადაიტანოს. მათ მოქალაქეებს პროტესტისკენაც მოუწოდეს.
დოდონი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნეოდა და მოსკოვსაც ხშირად სტუმრობდა. ის მაია სანდუმ, ახლანდელმა პრო-დასავლელმა პრეზიდენტმა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. კრემლი დოდონის საქმეს უკვე გამოეხმაურა და პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა მოლდოვის ხელისუფლებას მისი უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.