ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ბრიუსელი მოლდოვას სამხედრო დახმარებას გაუზრდის. მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რამაც გააჩინა შიში, რომ შესაძლოა მოლდოვა რუსული აგრესიის შემდეგი სამიზნე იყოს.
„ამ წელს ჩვენ ვგემავთ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვის მიმართ, მათი სამხედროებისთვის დამატებითი სამხედრო შეიარაღების მიწოდებით“, - თქვა მიშელმა პრესკონფერენციაზე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, კიშინიოვში ვიზიტისას 4 მაისს. დამატებით დეტალებზე მას არ უსაუბრია.
„ევროკავშირი სრულად სოლიდარულია თქვენს მიმართ. ჩვენი ევროპული ვალდებულებაა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ თქვენს ქვეყანას“, - თქვა მიშელმა.
სანდუმ საპასუხოდ თქვა, რომ ქვეყანას აქვს გეგმები „პესიმისტური სცენარის“ შემთხვევაში, თუმცა აღნიშნა, რომ მოლდოვა არ ხედავს “გარდაუვალ რისკებს“.
მან აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტები „ომის მომხრე ძალების მიერ“ იქნა პროვოცირებული.
გასულ კვირას რუსეთის მხარდაჭერილმა, სეპარატისტულმა დნესტრისპირეთმა განაცხადა, რომ აფეთქება მოხდა მის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროსთან და რუსეთის საკუთრებაში მყოფ რადიო ანძაზე. ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადგილი ქონდა შეტევას სოფელზე, სადაც რუსული შეიარაღების დეპოა განთავსებული. მოსკოვმა აღნიშნულს „ტერორიზმის აქტი“ უწოდა.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს სურს რეგიონის დესტაბილიზაცია და ეძებს მიზეზს სამხედრო ინტერვენციისთვის.
რუსეთის მხარდაჭერით, სეპარატისტულმა დნესტრისპირეთმა, მოლდოვისგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა და 2 წლიანი ომის შემდეგ, რუსული არმიის დახმარებით, ცენტრალური მთავრობის ძალები დაამარცხა. ამ ეტაპზე, რეგიონში 1500 რუსი სამხედროა განთავსებული. გარდა რუსეთის არმიის ძალებისა, ადგილზე ასევე განთავსებულია 400-500 რუსი, მოსკოვის თქმით, მშვიდობისმყოფელი.