ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში პრესის თავისუფლების "შემაშფოთებელი" შეზღუდვების მცდელობაზე საუბრობს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოში მედია სივრცეში ხმათა მრავალფეროვნებაა, თუმცა არსებობს შეშფოთებები მთავრობის მხრიდან პრესის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ 2021 წელს ქვეყანაში „დამოუკიდებელი მედია აქტიური იყო და გამოხატავდა შეხედულებების ფართო მრავალფეროვნებას“.

„თუმცა ანგარიში [2021 წლის ანგარიში, რომელიც 12 აპრილს გამოქვეყნდა] აღნიშნავს რამდენიმე შემაშფოთებელ საკითხს. მათ შორის არის შემცირებული მედია პლურალიზმი, ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალებების მფლობელებისა და დირექტორების მიმართ სასამართლო საქმეები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურება, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმების დაუსჯელობა, მმართველი პარტიის მხრიდან მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიისთვის ბოიკოტის გამოცხადება, და კონკრეტულად ჟურნალისტების მიყურადების ბრალდებები“, ნათქვამია „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში.

ამ შეშფოთებების თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტმა 85 გვერდიან დოკუმანტში დეტალურად ისაუბრა. 12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ქვეყნაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას სწავლობს, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ "მთავრობამ ვერ შეძლო ადეკვატურად დაეცვა თავისუფლებები", რომელთა გარანტიასაც ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები იძლევა.

მედიის თავისუფლების საკითხზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გააკეთა და მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სიმამაცისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ მოსახლეობისთვის სიმართლის მისაწოდებლად. მისი თქმით, „ჩვენ თავმდაბლობას გვძენს თქვენი სიმამაცე. ჩვენ გვაოცებს თქვენი თავდადება მიაწოდოთ საზოგადოებას სიმართლე. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ თქვენი პარტნიორები იმაში, რომ დავაწინაუროთ პრესის თავისუფლება დღეს და ყოველ დღე“.

3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ რიგით მე-20 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიაზაცია ამბობს, რომ მედია სივრცეში პოლარიზაცია მთელს მსოფლიოში გაორმაგდა, რასაც საინფორმაციო ქაოსი უწყობს ხელს.

ინდექსში, რომელიც მედიის თავისუფლებას 180 ქვეყანაში სწავლობს, საქართველოს პოზიცია გაუარესდა და ის 60-დან 89-ე ადგიზლზე ჩამოვიდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მაჩვენებელი მთელს რეგიონში გაუარესდა. წელს პრესის თავისუფლების ინდექსში "ძალიან ცუდი" შეფასება 28 ქვეყანამ მიიღო, რაც რეკორდული რიცხვია.

ყველზე თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების ხუთეულში შედის ნორვეგია, დანია, შვედეთი, ესტონეთი და ფინეთი, ყველაზე ცუდ ხუთეულში კი მიანმარი, თურქმენეთი, ირანი, ერითრია და ჩრდილოეთ კორეა.

მედიაზე მთავრობის სრული კონტროლის, პროპაგანდის და დამოუკიდებელი ჟურნალისტების შევიწროვების გამო რუსეთი 155-ე ადგილზეა, რაც ზიმბაბვეს, სუდანისა და ლიბიის მონააცემებზე უარესი მაჩვენებელია. უკრაინაში მიმდინარე ომის ობიექტურად გაშუქება და ზოგ შემთხვევაში სიტყვა "ომის" გამოყენება რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონის თანახმად, ომის საწინააღმდეგო სტატიის, რეპორტაჟის ან სიტყვით გამოსვლის გამო ჟურნალისტს შეიძლება 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯოს.

ამ ფონზე, უკრაინაში მიმდინარე ომი ჟურნალისტიკის მნიშვნელობასა და პროფესიის წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევებზე მიუთითებს. ჟურნალისტები აქტიურად აშუქებენ ფრონტზე მიმდინარე მოქმედებებს, რომელთა დამალვასაც რუსული მხარე აქტიურად ცდილობს. კრემლი უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

უკრაინელი ჟურნალისტების ეროვნული კავშირის ინფორმაციით, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსულ ცეცხლს, სულ ცოტა, 20 ჟურნალისტი და მედია პროფესიონალი ემსხვერპლა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის მსოფლიოს გარშემო 293 ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო ციხეში სასჯელს იხდის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG