ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევზე სარაკეტო იერიშმა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი იმსხვერპლა


ვირა ჰირიჩი, "რადიო თავისუფლების" პროდიუსერი
ვირა ჰირიჩი, "რადიო თავისუფლების" პროდიუსერი

კიევზე რუსეთის მორიგ საჰაერო იერიშს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტისას მოხდა.

"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" (RFE/RL) ამბობს, რომ პროდიუსერ ვირა ჰირიჩის ცხედარი პარასკევ დილით ნანგრევებში იპოვეს. ხუთშაბათის თავდასხმამ საცხოვრებელი სახლის ქვედა ორი სართული გაანადგურა. ჰირიჩი "რადიო თავისუფლებაში" 2018 წლიდან მუშაობდა.

"ის დასაძინებლად აპირებდა წასვლას მაშინ, როდესაც რუსეთის ბალისტიკური რაკეტა კიევის ცენტრში მის საცხოვრებელ ბინას მოხვდა. მოვუწოდებთ მედია ორგანიზაციებს, რომ დაგმონ ვირას და სხვა უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობა", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული მაუწყებელი, რომელიც ცივი ომის დროიდან საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებისა და რეგიონის მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, იმ მცირე მედიასაშუალებებს შორისაა, რომლებიც კრემლის კონტროლის გარეშე რუსულ ენაზე მაუწყებლობს და მოქალაქეთა ინფორმირების მიზანს ემსახურება. მოსკოვში 24 თებერვლის შემდეგ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დიდი ნაწილი დაიხურა, ან იძულებული იყო მუშაობა შეეწყვიტა.

"რადიო თავისუფლების" სარედაქციო საბჭო უსამძიმრებს ვირა ჰირიჩის ოჯახს და გაიხსენებს მას, როგორც ნათელი გონების მქონე და კეთილ ადამიანს, ნამდვილ პროფესიონალს" - ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

"კიევი ჯერაც საშიში ადგილია. რა თქმა უნდა, კიევი კვლავ რუსების სამიზნეა. უკრაინის დედაქალაქი მათი სამიზნეა და მათ მისი ოკუპირება სურთ". - თქვა ქალაქის მერმა ვიალი კლიჩკომ, რომელიც ხუთშაბათის იერიშის შემდეგ დაზიანებული კორპუსების გაწმენდით სამუშაოებს ზედამხედველობდა.

რაკეტები უკრაინის დედაქალაქში მაშინ ჩამოცვივდა, როცა გაეროს გენერალური მდივანი კიევში იმყოფებოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსიი რეზნიკოვი ამბობს, რომ ეს იყო თავდასხმა "გაეროს გენერალურ მდივანზე და მსოფლიოს უსაფრთხოებაზე".

უკრაინა აღიარებს, რომ აღმოსავლეთში რუსეთის აქტიური იერიშის შედეგად, მძიმე დანაკარგები აქვს. თუმცა ამბობს, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგები ბევრად სერიოზულია. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს წარუდგინა ინიციატივა, რომ კიევს თავდასხმასთან გასამკლავებლად, დამატებით 33 მილიარდი დოლარი გამოეყოს. პრეზიდენტი ზელენსკი თეთრი სახლის ძალისხმევას აქებს და ამერიკელ პარტნიორებს მადლობას უხდის.

რუსეთი კი მრავალჯერადი მარცხის შემდეგ, ახლა განსაკუთრებული ძალისსხმევით უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ტერიტორიების ხელში ჩაგდებას ცდილობს. კრემლი უკრაინაში შეჭრას დღემდე "სამხედრო სპეცოპერაციად" მოიხსენიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG