წინასწარი შედეგების მიხედვით, სერბეთში კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და მისი პოპულისტური პარტია ლიდერობს. ვუჩიჩი ბალკანეთის მერყევ პოლიტიკურ ლანდშაფტზე რუსეთის მოკავშირედ ითვლება. დღეს დათვლილი ხმების მიხედვით, ვუჩიჩს ამომრჩევლების დაახლოებით 60% უჭერს მხარს. მის ოპონენტებს, სერბეთის პროგრესულ პარტიას - 43%.
არჩევნებზე სერბების დაახლოებით 60% გამოცხადდა. ხმების დათვლა ქვეყანაში მალე დამთავრდება. ყველაზე მჭიდრო კონკურენცია პარტიებს შორის დედაქალაქ ბელგრადში იყო, სადაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.
სპეციალისტების შეფასებით, შედეგი სავარაუდოდ დრამატულად აღარ შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური სერბეთში არ დაინიშნება. ვუჩიჩის პარტია დიდი ალბათობით, პარტნიორებთან ერთად, 250-წევრიან პარლამენტში მთავრობის ჩამოყალიბების უპირატესობას მიიღებს.
ოპოზიცია და დამოუკიდებელი დამკვირვებლები საუბრობენ დარღვევებზე და ინციდენტებზე, რომელთა შორის ძალადობის შემთხვევებიც კი იყო. თუმცა, მმართველი პოპულისტები უარყოფენ ხმის მიცემის დროს აღრიცხულ მანიპულირების და ზეწოლის ფაქტებს.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვუჩიჩმა თანდათან მოიპოვა კონტროლი მედიაზე და წამყვან ინსტიტუტებზე. ანალიტიკოსების შეფასებით, ყოფილ ულტრანაციონალისტს, რომელიც ადრე თავდაცვის მინისტრი და შემდეგ პრემიერ-მინისტრი იყო, მედიაზე და ინსტიტუტებზე ახლა სრული კონტროლი აქვს.
Facebook Forum