ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკასთან კოსმოსში თანამშრომლობის შეწყვეტით იმუქრება


საერთაშორისო კოსმოსური სადგური
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

რუსეთის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პარტნიორებს შორის ნორმალური კავშირების აღდგენა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობის განახლება შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც დასავლეთი მოსკოვს სანქციებს მოუხსნის.

"როსკოსმოსის" დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ სანქციების მიზანია „რუსული ეკონომიკის განადგურება და ჩვენი ხალხის სასოწარკვეთასა და შიმშილში ჩაძირვა, ჩვენი ქვეყნის დაჩოქება“. მან დასძინა, რომ "ამაში ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მაგრამ განზრახვები ნათელია".

როგოზინმა თქვა: „ამიტომ მიმაჩნია, რომ პარტნიორებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და სხვა პროექტებზე შესაძლებელია მხოლოდ უკანონო სანქციების სრული და უპირობო მოხსნით“.

როგოზინმა დასძინა, რომ "როსკოსმოსის" შეთავაზება იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეწყდეს თანამშრომლობა კოსმოსურ სადგურზე შეერთებული შტატების, კანადის, ევროკავშირისა და იაპონიის კოსმოსურ სააგენტოებთან, კრემლს მალე ეცნობება. ცოტა ხნით ადრე, მან თქვა, რომ სანქციებმა შეიძლება „დაანგრიოს“ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ნებისმიერი თანამშრომლობა.

დასავლეთმა რუსეთს ყოვლისმომცველი სანქციები უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა. რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში ომს აწარმოებს და სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

XS
SM
MD
LG