ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო რუსეთის მიმართ საპასუხო ნაბიჯებს განიხილავს


ბრიუსელში ნატოს საგანგებო სამიტი მიმდინარეობს
ბრიუსელში ნატოს საგანგებო სამიტი მიმდინარეობს

ნატოს ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში ხვდებიან, რათა განიხილონ მათი მოკლე და გრძელვადიანი პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე. სამიტს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესწრება. ის ბიუსელში ხუთშაბათ დილას ჩაფრინდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ვიდეო ჩართვით მიმართა და ალიანსს და მოკავშირეებს მეტი დახმარება სთხოვა.

ზელენსკიმ ნატოს წევრებს სთხოვა „ეფექტური და შეუზღუდავი“ მხარდაჭერა, მათ შორის, უკრაინული ძალებისთვის იარაღის მიწოდებით. მან ასევე თქვა, რომ აქვს განცდა, რომ უკრაინა "რუხ ზონაში" იმყოფება დასავლეთსა და რუსეთს შორის.

„დიახ, ეს მართალია, რომ ჩვენ არ ვართ ალიანსში, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ თავდაცვით გაერთიანებაში, არცერთ იმ 30 ქვეყანას შორის, რომლებიც კოლექტიური დაცვის, მე-5 მუხლის ქოლგის ქვეშაა, ისეთი გრძნობაა, თითქოს ჩვენ რუხ ზონაში ვართ - დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას თქვენთან ერთად“.

ზელენსკიმ ალიანსს შეახსენა საკუთარი თხოვნა, რომ უკრაინის თავზე ნატომ ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადოს. „ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები, ლოგიკური თხოვნით, დაგვხმარებოდით ჩვენი ცის დახურვაში - ნებისმიერ ფორმატში დაგეცვათ ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. ჩვენ ნათელი პასუხი არ მოგვისმენია. უკრაინას არ აქვს ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, გაცილებით მცირეა მისი ავიაცია რუსეთთან შედარებით, ამიტომ მათი უპირატესობა ცაში, ეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა“.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ნატოს კარგად ესმისი ის, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის მიმართულებით გგააგრძელებს აგრესიას.

„თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%, თქვენი ტანკების 1%, ერთი პროცენტი. ჩვენ ამის ყიდვა, უბრალოდ, არ შეგვიძლია, ასეთი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, ნატოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“.

ამასთან, ზელენსკიმ ნატოს მოუწოდა, აღარასოდეს გაუმეორონ, რომ უკრაინის არმია ნატოს სტანდარტებს არ შეესაბამება.

„გთხოვთ, არასდროს, არასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, ვაჩვენეთ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენის მიცემა შეგვიძლია ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა

ზელენსკის არაფერი უთქვამს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით. ბოლოს მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ესმით, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრობა ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული მისწრაფებაა. უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ქვეყნის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია იყო რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გაცხადებული არგუმენტი.

ნატოს სამიტის გარდა, დღეს ბრიუსელი ასევე უმასპინძლებს ევროკავშირის სამიტს, ასევე "დიდი შვიდეულის" ლიდერების შეხვედრას. ზელენსკის თქმით, ეს სამიტები აჩვენებს, "ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი და ვინ გაგვყიდა და გვიღალატა". უკრაინის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ნატოსა და ევროკავშირის წვერი ქვეყნები, მათ შორის გერმანია და უნგრეთი, მათი ძალიან ზომიერი პოზიციების გამო.

XS
SM
MD
LG