გერმანიის პარლამენტმა ბორის რომანჩენკოს ხსოვნას პატივი მიაგო. რომანჩენკო მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ნაცისტური მთავრობის მიერ მოწყობილ რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა და ჰოლოკოსტს გადარჩენილი 96 წლის რომანჩენკო ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში რუსეთის თავდასხმას ემსხვერპლა. ბორის რომანჩენკო საერთაშორისო ბუჰენვალდ-დორას კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
პარლამენტის სესიის გახსნისას სპიკერის მოადგილემ კეტრინ გოერინგ-ეკარდტმა თქვა, რომ რომანჩენკო, რომელიც 1942 წელს დორტმუნდის შრომით კოლონიაში გააგზავნეს, მოგვიანებით საკონცენტრაციო ბანაკებში გაქცევის მცდელობის შემდეგ გადაიყვანეს.
"მისი სიკვდილი შეგვახსენებს იმას, რომ გერმანიას აქვს განსაკუთრებული ისტორიული პასუხისმგებლობა უკრაინის მიმართ", - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. "ბორის რომანჩენკო ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, ვინც უკრაინაში დაიღუპა. თითოეული წართმეული სიცოცხლე არის შეხსენება ჩვენთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ ეს სასტიკი ომი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და დავეხმაროთ ხალხს უკრაინაში და უკრაინიდან".
საკონცენტრაციო ბანაკების სისასტიკეს გადარჩენილი რომანჩენკო 18 მარტს დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში თქვა, რომ ამ ადამიანმა უდიდესი განსაცდელი გამოიარა და საკუთარ ბინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.
"უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი გამოიარა ამ ადამიანმა. მან გაუძლო ბუჰენვალდის, დორას, პენემუნდის და ბერგენ-ბელსონის ბანაკებს, ნაცისტების სიკვდილის ქარხნებს და ის ხარკოვში, ჩვეულებრივ მრავალსართულიან სახლში ემსხვერპლა რუსულ დაბომბვას.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რომანჩენკოს მკვლელობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიაღწია იმას, რაც ჰიტლერმაც კი ვერ შეძლო.