ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი ოფიციალური პირები: რუსები ჩერნობილს აკონტროლებენ


საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩერნობილის ყოფილი ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი რუსეთის შეიარარებულმა ძალებმა მოიპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიკაილო პოდოლიაკი ესაუბრა.

მისი თქმით, სასტიკი ბრძოლების შემდეგ უკრაინამ ჩერნობილზე კონტროლი დაკარგა. "შეუძლებელია იმის თქმა, რომ სადგურის უსაფრთხოება დაცულია".

გამოცემა "ნოვაია ვრემიასთვის" მიცემულ კომენტარში პოდოლიაკი ამბობს, რომ ყოფილი ელექტროსადგურის დაბინძურების შემაკავებელი კონტეინერის და გუმბათის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

"ესაა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მუქარა ევროპისთვის დღეს. ვიცით რა რუსების ჩვევები, სავარაუდოდ ისინი უკვე ამზადებენ პროვოკაციულ ნაბიჯებს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით. ან ისინი გამოიყენებენ დაზიანებებს, რომლებიც ობიექტებს თავდასხმისას მიადგა იმის სათქმელად, რომ ამაში დამნაშავე უკრაინაა. სინამდვილეში კი თავად დააზიანებენ ამ უდავოდ ყველაზე საშიშ ობიექტებს", - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუჰანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შემდეგ, განცხადებები გააკეთეს მსოფლიოს ლიდერებმა. მათ დაგმებს პუტინის ქმედებები და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ერთ-ერთი პირველი მათ შორის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.

გამთენიისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ 24 თებერვალს, დილით, შეხვედრას გამართავს დიდი შვიდეულის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კი, ამერიკელ ხალხს გააცნობს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვის საპასუხოდ გადადგამს.

XS
SM
MD
LG