ბელგია ითხოვს, რომ ევროპის კავშირმა შეწყვიტოს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა, მათ შორის, სტუდენტური, სამუშაო და ტურისტული ვიზების. განცხადება მიგრაციის მინისტრმა სამი მაჰდიმ ხუთშაბათს, რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი იერიშის დაწყების შემდეგ გააკეთა.
"რუსეთის უპასუხისმგებლო თავდასხმა გვაიძულებს ვიყოთ უფრო ფრთხილად იმ რუსების მიმართ, ვინც ბელგიაში შემოდის" - განაცხადა მიგრაციის მინისტრმა. მისი თქმით, "რუსებისთვის ვიზების აკრძალვა ტაბუდადებული საკითხი არ უნდა იყოს, მათ აქ არავინ ელის". სამი მაჰდიმ ასევე თქვა, რომ ეს უნდა ეხებოდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზებს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის ოფისს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს ევროპის კავშირის ლიდერები რუსეთზე სანქციების განსახილველად იკრიბებიან და ერთობლივი განცხადება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.