ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო რუსეთში ამერიკის მოქალაქეებს საფრთხეების თაობაზე აფრთხილებს


ამერიკის საელჩომ რუსეთში მყოფი ამერიკელები მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა მათ, ჰქონდეთ საჭირო გეგმა, რადგან არსებობს დაუზუსტებელი საფრთხეები, რომლის მიხედვითაც შესაძლოა რუსეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე თავდასხმა განხორციელდეს.

„მედიის წყაროების თანახმად, არსებობს თავდასხმების მუქარა სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზის, მეტროს სადგურებზე და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე დიდ რეგიონებსა და ქალაქებში. მათ შორის მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში,“- ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

გაფრთხილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მალევე გამოეხმაურა. ლავროვის უწყებამ ამერიკის საელჩოს მოსთხოვა, გაეზიარებინა დაზვერვის ის ინფორმაცია, რომელსაც განცხადება ეყრდნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი" - იკითხა მარია ზახაროვამ, სამინისტროს პრესსპიკერმა.

ამ დრომდე ამერიკის საელჩოში დამატებითი განცხადება არ გაკეთებულა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან, რადგან უკრაინაში ომის დაწყების საფრთხე მაღალია.

23 იანვარს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა მეოთხე დონის სამოგზაურო გაფრთხილება - „არ იმოგზაურო“ რუსეთში.

რუსეთში მოსალოდნელი თავდასხმები შესაძლოა ე.წ. ყალბი დროშის ოპერაციის ფარგლებში შედიოდეს, რომლითაც მოსკოვმა შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება გაამართლოს. მოსალოდნელი საფრთხებისა და დადგმული ოპერაციების შესახებ ვაშინგტონში აქტიურად საუბრობენ.

დასავლეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის უკვე მზად არის და გაცემულია შესაბამისი ბრძანებაც, თუმცა კრემლი ირწმუნება, რომ უკრაინაში შეჭრას არც გეგმავდა და არც გეგმავს. რუსეთი ამ დრომდე აგრძელებს სამხედროების მობილიზაციას უკრაინის საზღვართან ახლოს. სადაზვერვო ინფორმაციით, ბოლო დღეებში საზღვარზე აქტივობები გაზრდილია, სამხედროთა რაოდენობა კი 190 000-ს აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG