ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ის სხვალ შეხვდება. ლუკაშენკოს თქმით, განსახილველი თემა "სამომავლო ქმედებები" იქნება, რომელიც ბელარუსში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უკავშირდება.
ლუკაშენკო ასიპოვიცკში ჩავიდა, სადაც ორი ქვეყნის საერთო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. მას არ დაუკონკრეტებია, დატოვებენ თუ არა რუსი სამხედროები ბელარუსს მანევრების დასრულების შემდეგ, თუმცა, თქვა, რომ "რომ არ არსებობს არანაირი საჭიროება იმისა, რომ ბელარუსში რუსული სამხედრო ბაზები გაიხსნას".
"საკითხები ხვალ გადაწყდება",- თქვა ლუკანშენკომ პუტინთან შეხვედრაზე საუბრის დროს.
ამ თემაზე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც. მან თქვა, რომ სამხედროების წვრთნა ბელარუსთან ერთად 20 თებერვალს დასრულდება. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, დატოვებენ თუ არა რუსი სამხედროები ბელარუსს წვრთნების დასრულებისთანავე.
ბელარუსში, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან, ხოლო ნატოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება, დაახლოებით 30 000 რუსი სამხედროა ახლა ჩასული. ქვეყანაში რუსი სამხედროების ყოფნა დასავლეთს აშფოთებს. რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის გამო, დასავლელი ექსპერტები შიშობენ, რომ ბელარუსში განლაგებულმა რუსმა სამხედროებმა, შესაძლოა კიევზე თავდასხმა სცადონ.