დასავლეთს მოსკოვის არ სჯერა. რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაცია მცირდება და ჯარების ნაწილი შინ ბრუნდება. თუმცა უკრაინა და მისი ევროპელი პარნიორები საპირისპიროზე საუბრობენ. ესტონეთის დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსული საბრძოლო დანაყოფები შედარებით მცირე ზომის თავდასხმებისთვის და საკვანძო მნიშვნელობის ტერიტორიების დაკავებისთვის ემზადებიან.
ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ შეინიშნება კიდევ უფრო მეტი ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები და საველე ჰოსპიტლები. განცხადება ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით "როიტერი" წერს, რომ ოთხშაბათს უკრაინის საზღვრის სიახლოვეს კიდევ 7 000-ზე მეტი ჯარისკაცი განლაგდა. თუმცა, ამის დამამტკიცებელი მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი.
რუსეთს უკრაინის სხვადასხვა საზღვრის სიახლოვეს 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. კრემლი უარყოფს, რომ უკრაინაზე თავდასხმას აპირებს, თუმცა დასავლეთს პროვოკაციებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიები" სჭირდება. ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმას მოითხოვს.
"არსებობს ის, რასაც რუსეთი ამბობს და რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ არ გვინახავს ძალების მნიშვნელოვანი უკან დახევა", - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა MSNBC-ისთან ინტერვიუში. "ჩვენ კვლავ ვხედავთ კრიტიკული მნიშვნელობის შენაერთების საზღვრისკენ მოძრაობას და არა - პირიქით".
ესტონეთის დაზვერვის მტკიცებით, საშუალოდ 10 საბრძოლო ჯგუფი უკრაინის საზღვარს უახლოვდება. მათი მონაცემებით, 170 000-მდე ჯარისკაცია მობილიზებული. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მიკ მარანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუკი რუსეთი უკრაინაში "წარმატებას მიაღწევს", ამის შემდეგ წნეხი უკვე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზეც გავრცელდება, რადგან "ომის მუქარა პუტინის პოლიტიკის მთავარ არაღად იქცა".